- მერაბიშვილი – ახალი პრემიერ–მინისტრი;
- ახალაია – ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი;
- შაშკინი – ახალი თავდაცვის მინისტრი;
- დეკანოიძე – ახალი განათლების მინისტრი;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების ახალი მინისტრი;
- დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი.
ბაჩო ახალაია (მარცხნივ) და ვანო მერაბიშვილი (მარჯვნივ), 2009 წლის სექტემბერი. ფოტო: ინტერპრესნიუსი
ბოლო წლებში მთავრობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად ვანო მერაბიშვილი შვიდწლიანი მმართველობის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვებს და პრემიერ–მინისტრი გახდება, შს მინისტრის პოსტზე კი მას ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია შეცვლის.
პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ–ერთი უახლოესი მოკავშირე, 31 წლის ბაჩო ახალაია ძლიერ სამინისტროს ჩაიბარებს, რომელიც თავის თავში რამდენიმე ძალოვან სტრუქტურას აერთიანებს: პოლიციას, უშიშროების, დაზვერვის სამსახურებს, საზღვრის დაცვას და საზღვაო ძალებს. ეს სისტემა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა.
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობის გამოცხადებამდე, ბაჩო ახალაიას ამ თანამდებობაზე გადაყვანასთან ერთად ასევე არსებობდა ვარაუდები, რომ თავად სტრუქტურის შიგნიდან მოხდებოდა მინისტრად რომელიმე კადრის დაწინაურება, რაც, საბოლოო ჯამში, არ გამართლდა.
ჯერ–ჯერობით უცნობია, განხორციელდება თუ არა ცვლილებები შს სამინისტროს ზედა ეშელონებში მას შემდეგ, რაც ახალაია ოფიციალურად დაიკავებს მინისტრის პოსტს.
პარლამენტი ახალი მთავრობის დამტკიცებას 4 ივლისს საგანგებო სხდომაზე დაამტკიცებს.
ახალი მთავრობის დასახელებიდან ცოტა ხანში მერაბიშვილმა სატელევიზიო განცხადება გააკეთა და რამდენჯერმე გაუსვა ხაზი თავის მოკლე კომენტარში, რომ სწორედ მან სთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილს ახალაიას დასახელება შინაგან საქმეთა მინისტრად.
„შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაიას კანდიდატურა იყო ჩემი თხოვნა“, – განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ის ძალიან მოხარულია, რომ მისი ინიციატივა მხარდაჭერილი იქნა პრეზიდენტის მიერ. „მე გულგრილი, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნები შინაგან საქმეთა სამინისტროს ბედზე და მე მიმაჩნია, რომ ბაჩო ახალაია შეძლებს – არის საუკეთესო კანდიდატურა – რომ შეინარჩუნოს და გააგრძელოს ის გზა, ის რეფორმები, ის მიმართულება, რომელიც ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ სამინისტროს ჰქონდა აღებული. მე ვარ დარწმუნებული, რომ ბაჩო არის საუკეთესო კანდიდატურა და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ინიციატივა მხარდაჭერილი იქნა პრეზიდენტის მიერ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთად გავაგრძელებთ მასთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად კვლავ რეფორმებს ყველა სამინისტროში და ყველა უწყებაში“.
2009 წლის აგვისტოში, როდესაც სააკაშვილმა 29 წლის ახალაია თავდაცვის მინისტრად დააწინაურა მუხროვანის ამბოხებიდან სამ თვეში, პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მიზეზად თავდაცვის სფეროში „უფრო მკაცრი ხელის“ საჭიროება დაასახელა.
WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ–ერთ კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილის თანახმად, რომელშიც საუბარია ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე სააკაშვილის გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ უთხრა ამერიკის მაშინდელ ელჩს, რომ „ახალაია ‘მიშას ბიჭია’ და არა ‘ვანოს ბიჭი’ და მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ არ განეხილათ ეს დანიშვნა, როგორც შს სამინისტროს გადასვლა თავდაცვის სამინისტროში“. ახალაიას „სააკაშვილი განიხილავს როგორც ეფექტურს“, ნათქვამია გზავნილში, რომელიც 2009 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება.
ბაჩო ახალაიას მამა, როლანდ ახალაია, სამეგრელოს სამხარეო პროკურორია. მისი ძმა, დათა, შსს–ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს (კუდი) ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე დათა ახალაიას უფლებამოსილება 2006 წელს შეუჩერდა მას შემდეგ, რაც მისი სახელი სანდრო გიგვლიანის მკვლელობის სკანდალს დაუკავშირდა. ეს საქმე ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა იყო მერაბიშვილისთვის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში. შემდეგ დათა ახალაია კვლავ აღადგინეს კუდ–ის უფროსის თანამდებობაზე, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ძმის შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენასთან დაკავშირებით დათა ახალაიამ დაწერა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ისეთი გავლენიანი ფიგურა იკავებს პრემიერ–მინისტრის პოსტს, როგორიც ვანო მერაბიშვილია. სააკაშვილთან ერთად, მერაბიშვილი მთავარი ფიგურა იქნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიას წარუძღვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისკენ. წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ჩანს, აიგება მთავრობის ახალ პროგრამაზე სახელწოდებით „მეტი სარგებელი ხალხს“, რომლის მთავარი პუნქტებიც მერაბიშვილმა 1 ივლისს გაახმოვანა.
შინაგან საქმეთა მინისტრის რანგშიც მერაბიშვილი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ვინაიდან სხვა მაღალჩინოსნებთან და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან დაწყებული ექიმებიდან და დამთავრებული საჯარო მოხელეებით და მათთან გატარებულ რეფორმებსა და მთავრობის სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.
პოლიტოლოგის და კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორის გია ნოდიას აზრით, მერაბიშვილის გაპრემიერება იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილი შესაძლოა აღარ ეცადოს ხელისუფლებაში დარჩენას პრემიერ–მინისტრის რანგში მას შემდეგ, რაც მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება 2013 წელს; თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ბოლო სამთავრობო ცვლილება ამ საკითხს სრულიად ნათელს მაინც არ ხდის.
მას შემდეგ, რაც პარლამენტი 4 ივლისს ახალ მთავრობას უყრის კენჭს, მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრობას სულ ცოტა იმ დრომდე შეინარჩუნებს, ვიდრე ოქტომბერში არჩეული ახალი პარლამენტი დაიწყებს ფუნქციონირებას.
კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობა და პრემიერ–მინისტრი უნდა გადადგნენ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელახლა უნდა წარადგინოს მინისტრთა კაბინეტი ნდობის მოსაპოვებლად.
საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილებებს პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების ხარჯზე, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება
პარლამენტის ვიცე–სპიკერს ლევან ვეფხვაძეს ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან მიაჩნია, რომ თუ მმართველი პარტია უმრავლესობით შევა ახალ პარლამენტში, მაშინ მერაბიშვილი, სავარაუდოდ, პრემიერ–მინისტრის პოსტს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს და შედეგად ქვეყნის ლიდერიც გახდება.
„მერაბიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელსაც ვინმე პრემიერ–მინისტრად დანიშნავს და საპრეზიდენტო არჩევნების ბოლოს ეტყვის, რომ გადადექი და დაგვითმე ადგილიო იმიტომ, რომ ის სხვა დონის ფიგურაა. მერაბიშვილი ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში, იქნება პრემიერ–მინისტრი 2016 წლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვაზე პასუხი ‘სააკაშვილი იქნება თუ არა 2013 წელს პრემიერ–მინისტრი?’ უკვე გაცემულია – არა“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკური ექსპერტი აცხადებს, რომ რაიმე გრძელვადიანი დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა, რადგან მერაბიშვილის გაპრემიერება შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ის ფაქტიურად ჩამოაშორეს საკმაოდ გავლენიან შინაგან საქმეთა სამინისტროს.
რაც შეეხება მთავრობაში განხორციელებულ სხვა ცვლილებებს, ყოფილი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავდაცვის მინისტრი გახდება, რომელიც ამ პოსტზე ბაჩო ახალაიას შეცვლის.
შაშკინი შედარებით ახალი სახეა სააკაშვილის ადმინისტრაციაში, ვიდრე პრეზიდენტის სხვა მოკავშირეები. პირველად იგი მთავრობის წევრი 2009 წლის დასაწყისში გახდა, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. გარდა მინისტრის პორტფელისა, მაშინ შაშკინს, რომელიც მინისტრობამდე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თბილისის ოფისს ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა „დემოკრატიზაციის ახალი ტალღის“ კოორდინირებაც ჩააბარა.
2009 წლის დეკემბერში შაშკინი განათლების მინისტრად დაინიშნა. 2010 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაქო შაშკინი, როგორც „ძალიან მაღალი დონის მინისტრი“, რომელმაც შესაძლოა ბევრს მიაღწიოს კარიერული წინსვლის თვალსაზრისით.
განათლების მინისტრობის პერიოდში შაშკინი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ მკაცრი ტაქტიკის გამო და მის მიმართ სულ ბოლო უკმაყოფილება უკავშირდებოდა მაისში მის გადაწყვეტილებას გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მიმინოშვილი ამ პოსტზე პოლიციის აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ შეცვალა.
დეკანოიძე უკვე განათლების მინისტრად არის წარდგენილი, რომელიც შაშკინს შეცვლის.
დეკანოიძის გარდა მთავრობას კიდევ ერთი ახალი წევრი ეყოლება – დალი ხომერიკი, რომელსაც დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობაში განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა, კობა სუბელიანს შეცვლის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე.
ხომერიკის და დეკანოიძის ჩათვლით, ქალი მინისტრების რაოდენობა საქართველოს 21–წევრიან მთავრობაში ხუთამდე გაიზრდება.
მთავრობაში ასევე გაჩნდა ერთი ახალი უპორტფელო მინისტრის თანამდებობა – დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ამ ახალ პოსტს პაატა ტრაპაიძე, სამშენებლო კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი დაიკავებს.
დანარჩენი მინისტრები თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)