შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს ბაჩო ახალაიას სამი ახალი მოადგილე ჰყავს, ხოლო დანარჩენი სამი, რომლებიც ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდშიც მუშაობდნენ, თავიანთ თანამდებობებზე რჩებიან.
მინისტრის მოადგილეების რაოდენობა ხუთიდან ექვსამდე გაიზარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად რჩებიან ეკა ზღულაძე, შალვა ჯანაშვილი და გიორგი ლორთქიფანიძე. ზღულაძე კვლავაც პირველი მოადგილეა. ერთადერთი მოადგილე, რომელიც შეიცვალა, ამირან მესხელია.
შოთა ხიზანიშვილი, რომელიც მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში შსს–ის ადმინისტრაციის უფროსი იყო, მინისტრის მოადგილედ დაწინაურდა.
შს მინისტრის კიდევ ორი ახალი მოადგილეა ნოდარ ხარშილაძე და ნიკა ძიმცეიშვილი – ორივე მათგანი ახალაიას მოადგილე იყო თავდაცვის სამინისტროში.
შს მინისტრის მოადგილე, ძიმცეიშვილი ასევე იქნება სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელმაც ამ თანამდებობაზე ზაზა გოგავა შეცვალა.
ძიმცეიშვილი 2006–2007 წლებშიც მუშაობდა შსს–ში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; შემდეგ ის იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა ორი წლის განმავლობაში, ვიდრე 2009 წელს თავდაცვის უწყებაში გადავიდოდა სამუშაოდ.
ნოდარ ხარშილაძეს, რომელსაც თურქეთის პოლიციის აკადემია აქვს დამთავრებული ანკარაში, თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი თავდაცვის სამინისტროში აქვს გატარებული დაწყებული 2002 წელს სტაჟიორიდან დამთავრებული მინისტრის პირველი მოადგილეობით, სადაც ის 2009 წელს ბაჩო ახალაიას მინისტრად მისვლის შემდეგ დაინიშნა. მინისტრის მოადგილის რანგში ხარშილაძე, რომელიც WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ აშშ–ის 2009 წლის ერთ–ერთ დიპლომატიურ გზავნილში დახასიათებულია, როგორც „ყველაზე ინტელექტუალი თანამდებობის პირი“ თავდაცვის სამინისტროში, კურირებდა თავდაცვის პოლიტიკასა და დაგეგმვას, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს და ნატოში ინტეგრაციის საკითხებს.
ამ დრომდე ერთადერთი საკადრო გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროში არის მინისტრის მოადგილედ დათა ახალაიას, შს მინისტრის ბაჩო ახალაიას ძმის, დანიშვნა. მართალია თავდაცვის სამინისტრომ ეს დანიშვნა დაადასტურა, მაგრამ უცნობია, თუ რა სფეროებს გაუწევს დათა ახალაია ზედამხედველობას. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ–ი) ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. მას ამ თანამდებობაზე უფლებამოსილება 2006 წელს დროებით შეუჩერდა, როცა მისი სახელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სკანდალურ საქმეს დაუკავშირდა, თუმცა მოგვიანებით მან განაგრძო იგივე თანამდებობაზე მუშაობა. მან კუდი–ის ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ძმა, ბაჩო ახალაია გასულ კვირაში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად შს მინისტრი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სხვა საკადრო ცვლილებების შედეგად შეიცვალნენ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ), კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელები; ასევე ახალი ხელმძღვანელი ჰყავს თბილისის და ცხრიდან ხუთ სამხარეო სამმართველოებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)