სამმა ამერიკელმა სენატორმა, რომლებიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობენ, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისკენ მოუწოდეს და ასევე გამოთქვეს შეშფოთება, რომ შესაძლოა არჩევნებს, მის ჩატარებასთან და შედეგებთან დაკავშირებით, ხანგრძლივი „დავა“ მოყვეს.
დელეგაციის ხელმძღვანელია რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრია და რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2010 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა. დელეგაციის დანარჩენი ორი წევრია უპარტიო სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი, რომელიც სენატში შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა.
ხუთშაბათს დილით სენატორები ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნება“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, შემდეგ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს; ისინი ასევე შეხვდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ მოვუწოდებთ და ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით [ამ პროცესს]“, – განაცხადა სენატორმა მაკკეინმა 6 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ ასევე დავეყრდნობით იმ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც არჩევნებს და არჩევნების წინა პროცესს დააკვირდებიან. მათი შეფასება, რასაკვირველია, დიდ გავლენას იქონიებს არჩევნების ჩატარების შესახებ ჩვენი მოსაზრების ფორმირებაზე".
„ამერიკის შეერთებული შტატები და კონგრესი არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ კანდიდატს ან პარტიას, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ იმ გასაოცარი პროგრესით, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში განიცადა", – დასძინა მაკკეინმა.
„არჩევნების წინ აქ იმისთვის ვიმყოფებით, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიმართ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ პროგრესს“, – განაცხადა სენატორმა ლიბერმანმა.
სენატორმა გრემმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ „ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერაა“. მისი თქმით, მომავალი არჩევნები „ამ ქვეყნის ისტორიისთვის განმსაზღვრელი მომენტია“. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს, რადგანაც ყველა, ვისაც დელეგაცია შეხვდა „ერთმანეთის მიმართ გამოთქვამდა პრეტენზიებს“.
კითხვაზე, თუ როგორია მათი შეხედულება ხელისუფლების ბრალდებაზე ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ ის „პრორუსული“ ორიენტაციისაა, მაკკეინმა უპასუხა: „ჩვენ შევხვდით ბატონ ივანიშვილს; მან ძლიერი არგუმენტები მოიყვანა, რომ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა რუსეთთან, და რომ ის დემოკრატიის, თავისუფლების და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთგულია“.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მას სიტყვაზე ვენდობით, ქართველი ხალხი კი თავად განსჯის“, – განაცხადა მაკკეინმა.
პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტმა ჰკითხა სენატორ მაკკეინს, რას ფიქრობდა იგი „ბევრი ექსპერტის“ მიერ გამოთქმულ ვარაუდებთან დაკავშირებით, რომ მომავალი არჩევნები იქნება არჩევანი წარსულში „დაბრუნებას“, „პრორუსულ“ კურსსა და „პროდასავლური კურსის“ შენარჩუნებას შორის. ხელისუფლების მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული შეტევის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია იმის მტკიცება, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის „წარსულში დაბრუნებას“ გამოიწვევს.
„არა მგონია, რომ საქართველო ოდესმე დაბრუნდება უკან“, – უპასუხა მაკკეინმა, თუმცა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებს შესაძლოა „ხანგრძლივი დავა“ მოყვეს არჩევნების ჩატარებისა და მისი შედეგების თაობაზე.
„ჩვენი სურვილია, რომ ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელსაც დამკვირვებლები შეაფასებენ, როგორც თავისუფალს და სამართლიანს, ხოლო ისინი, ვინც ვერ გაიმარჯვებენ მიიღებენ ხალხის განაჩენს“, – განაცხადა სენატორმა მაკკეინმა.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების შედეგების აღიარებისთვის წამოყენებული წინაპირობები იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილის კოალიცია არჩევნების შემდგომი არეულობებისთვის უფრო ემზადება, ვიდრე 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კონკურენციისთვის. ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი კოალიცია არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ნებისმიერი კონსტიტუციური გზით დაიცავს თავისი მხარდამჭერების ხმებს, თუმცა არასდროს მოუწოდებს კონფრონტაციისკენ.
სენატორმა ლიბერმანმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომელთაც ისინი შეხვდნენ, განაცხადეს, რომ ისინი საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლო თანამშრომლობის ერთგულნი არიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)