ცესკოს უკანასკნელი წინასწარი მონაცემებით, რომელიც დაახლოებით 21:30 საათისთვის გამოქვეყნდა, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხმების 54.89%; ხოლო ნაციონალურ მოძრაობას – 42.42%% აქვს მიღებული პროპორციული წესით.
ეს მონაცემები ეყრდნობა 3 151 უბნიდან მიღებულ შედეგებს, რაც უბნების საერთო რაოდენობის 85.1%–ს შეადგენს.
ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა პროპორციული სისტემით 5%–იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. წინასწარი შედეგებით, ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ 2% მიიღო.
ცესკო, რომელსაც შემაჯამებელი ოქმების ოპერატიულად გამოქვეყნებისაკენ მოუწოდებენ, აცხადებს, რომ წინასწარ საბოლოო შედეგებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს. დათვლის პროცესის პარალელურად, ცესკოსთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარულ არჩევნებში 37 ერთმანდატიან ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ლიდერობენ, ხოლო 35 ოლქში – „ქართული ოცნების“ კანდიდატები. ასპინძის ოლქის შედეგები ცესკოში ჯერ არ შესულა.
ნაციონალური მოძრაობა, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში: საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გორი, ხაშური, ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ხონი, წყალტუბო, აბაშა, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ბათუმი, ქედა, შუახევი, ხულო.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ლიდერობენ შემდეგ ოლქებში: თელავი, ახმეტა, თიანეთი, რუსთავი, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, კასპი, ქარელი, ბორჯომი, ონი, მესტია, ხარაგაული, საჩხერე, ზესტაფონი, სამტრედია, ჭიათურა, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, ქობულეთი, ხელვაჩაური.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)