ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა ხაშურში სერგო ქიტიაშვილმა განმეორებით კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე თავისი კანდიდატურა მოხსნა, რაც ამ ოლქში კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მისი მთავარი კონკურენტის, ვალერი გელაშვილის გამარჯვებას განაპირობებს.
ქიტიაშვილმა, რომელიც 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარია ხაშურის ოლქიდან, გადაწყვეტილების მიზეზად მისი შტაბის წევრების მიმართ „დაუფარავი აგრესია“ დაასახელა. ვალერი გელაშვილის შტაბმა ეს ბრალდებები უარყო.
„ამ პირობებში ხაშურში ჩემი მონაწილეობა საარჩევნო პროცესში შეუძლებლად მიმაჩნია და სწორედ ამიტომ.. მე გადავწყვიტე უარი ვთქვა მონაწილეობა მივიღო განმეორებით დანიშნულ არჩევნებში“, – განაცხადა მან.
მაჟორიტარული სისტემის განმეორებითი არჩევნები ხაშურის 52–დან ცხრა საარჩევნო უბანზე 14 ოქტომბერს გაიმართება. ამ უბნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი 1 ოქტომბრის არჩევნებზე ხაშურში გამოვლენილი სერიოზული დარღვევების გამო.
გაბათილებული უბნების შედეგების გათვალისწინების გარეშე, სადაც კვირას განმეორებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს, გელაშვილი 4 069 ხმით უსწრებს ქიტიაშვილს.
განმეორებითი კენჭისყრა 14 ოქტომბერს ასევე გაიმართება სიღნაღის ერთმანდატიანი ოლქის ერთ უბანზე და გორის ერთმანდატიანი ოლქის ერთ უბანზე, რაც გადაწყვეტს ამ ოლქებში ნაციონალური მოძრაობისა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების ბედს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)