Site icon Civil.ge

პუტინი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 24 ოქტომბერს მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა, იტყობინება კრემლი.

„სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეების 80 პროცენტი ამავდროულად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც არიან. ამიტომ, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სულერთი არ არის, როგორ ვითარდება სიტუაცია სამხრეთ ოსეთში“, – განაცხადა პუტინმა.

„სიტუაცია ახლა რეგიონში გარკვეულწილად იცვლება. ვიმედოვნებ, რომ ის უკეთესობისკენ შეიცვლება და ჩვენ მოვახერხებთ, რომ კარგი ურთიერთობები დავამყაროთ მეზობლებთან“, – დასძინა პუტინმა.

თიბილოვმა მადლობა გადაუხადა პუტინს ცხინვალის მიმართ რუსეთის მხარდაჭერისთვის. 

„სამხრეთ ოსეთის ხალხს ახსოვს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში იქნა მიღებული. და ეს გადაწყვეტილებები და დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები გახდა მნიშვნელოვანი მომენტი ოსი ხალხის ისტორიაში, ოსურ–რუსული ურთიერთობების ისტორიაში, რომელთაც რეალურად სერიოზული ისტორიული ფესვები გააჩნიათ“, – განაცხადა თიბილოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)