Site icon Civil.ge

საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

მოადგილეების წარდგენიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა.  
 
40 წლის დავით ცინარიძე, რომელიც 1997–2005 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.  
 
2004–2005 წლებში, საპატრულო პოლიციის შექმნის პირველ წელს, ცინარიძე ამ სტრუქტურის უფროსის მოადგილე იყო. სწორედ ამ წლებში ჩამოყალიბდა დეპარტამენტი და მან კორუფციით განთქმული საგზაო პოლიცია ჩაანაცვლა. 2006 წლიდან ცინარიძე თბილისის სააპელაციო სასამართლო მოსამართლის კონსულტანტად მუშაობდა.

„საპატრულო პოლიციის შექმნა ჩვენი ხალხის საერთო მონაპოვარია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსის წარდგენისას, „მისი შენარჩუნება და განვითარება თითოეული ჩვენთაგანის საზრუნავია“.

„მინდა საჯაროდ დავავალო ბატონ დავითს და მისი სახით პატრულის მთლიან შემადგენლობას, რომ დარჩნენ შეურიგებელნი ყოველგვარი უკანონობის ნებისმიერ გამოვლინებასთან, დაიცვან ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე, საკუთრება, უფლებები და თავისუფლებები“, – განაცახდა ღარიბაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)