5 ნოემბერს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა, რომელიც პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პროგრამის პრიორიტეტებზეა აგებული.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვერსია წინა მთავრობამ შეიმუშავა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო დაპირებებზე დაყრდნობით, რაც ახალმა მთავრობამ გადაამუშავა და სამინისტროების ბიუჯეტების გადახედვის, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, მისი ადმინისტრაციის, უშიშროების საბჭოს აპარატის, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გუბერნატორების ადმინისტრაციების დაფინანსების შემცირების გზით 740 მლნ ლარის დამატებითი რესურსი მოიძია.
პროექტის მიხედვით, მომავალ წელს საბიუჯეტო შემოსავლები 7.437 მლრდ ლარამდე, ხოლო ხარჯები 7.339 მლრდ ლარამდე იზრდება წელს არსებული, შესაბამისად, 7.053 მლრდ და 6.783 მლრდ ლარიდან. საგადასახადო შემოსავლები, პროექტის თანახმად, მიმდინარე წელთან შედარებით 9.84%–ით არის 6.920 მლრდ ლარამდე გაზრდილი.
თითქმის განახევრებულია გრანტების საერთო მოცულობა 2012 წელთან შედარებით, რომლის საპროგნოზო მაჩვენებელიც მომავალ წელს 167 მლნ ლარს შეადგენს. სხვა შემოსავლები 70 მლნ ლარით არის შემცირებული წლევანდელთან შედარებით და 350 მლნ ლარს შეადგენს, სადაც თითქმის სამჯერ არის გაზრდილი 151 მლნ ლარამდე სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მოგებიდან მისაღები დივიდენდები, ხოლო არსებული 100 მლნ ლარიდან 55 მლნ ლარამდე არის შემცირებული ჯარიმებიდან და საურავებიდან დაგეგმილი შემოსავლები.
მთავრობაში ამჟამად მოქმედი 20 სამინისტროდან, ათის დაფინანსება გაზრდილია, რვა სამინისტროს ბიუჯეტი შეუმცირდება, ხოლო ორს დაფინანსება იგივე დარჩება მომავალ წელსაც:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 2 მლრდ ლარი (2012 წ – 1.809 მლრდ ლარი);
- თავდაცვის სამინისტრო – 690 მლნ ლარი (2012 წ – 676.5 მლნ ლარი; 2011 წ – 711 მლნ ლარი; 2010 წ – 728 მლნ ლარი);
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 585.2 მლნ ლარი (2012 წ – 585 მლნ ლარი; 2011 წ – 568 მლნ ლარი; 2010 წ – 549.2 მლნ ლარი);
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 855.3 მლნ ლარი (2012 წ – 982 მლნ ლარი);
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 640 მლნ ლარი (2012 წ – 600.6 მლნ ლარი);
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 218.9 მლნ ლარი (2012 წ – 148.9 მლნ ლარი);
- ფინანსთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2012 წ – 118.2 მლნ ლარი);
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 70.5 მლნ ლარი (2012 წ – 134.2 მლნ ლარი);
- ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 118.2 მლნ ლარი (2012 წ – 290.1 მლნ ლარი);
- იუსტიციის სამინისტრო – 67 მლნ ლარი (2012 წ – 54.1 მლნ ლარი);
- სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 170 მლნ ლარი (2012 წ – 124.9 მლნ ლარი);
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – 76 მლნ ლარი (2012 წ – 83.5 მლნ ლარი);
- კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 67.8 მლნ ლარი (2012 წ – 92.7 მლნ ლარი);
- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 47 მლნ ლარი (2012 წ – 59 მლნ ლარი);
- გარემოს დაცვის სამინისტრო – 21.5 მლნ ლარი (2012 წ – 23.8 მლნ ლარი);
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2012 წ – 38.1 მლნ ლარი);
- რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2012 წ – 1.2 მლნ ლარი);
- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.3 მლნ ლარი (2012 წ – 2.3 მლნ ლარი);
- დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 850 ათასი ლარი (2012 წ – 850 ათასი ლარი);
- დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1 მლნ ლარი (2012 წ – 950 ათასი ლარი).
თუმცა, მთავრობა განმარტავს, რომ ბიუჯეტის პროექტის მომდევნო გადამუშავების შედეგად მისი საბოლოო ვარიანტის წარმოდგენისას, ვიდრე მას დეკემბრის ბოლოს პარლამენტი დაამტკიცებს, კვლავაც შემცირდება ზოგიერთი უწყების დაფინანსება, ვინაიდან ამ ეტაპზე "დროის სიმცირის" გამო ახალმა მთავრობამ 5 ნოემბრისთვის წარდგენილ პროექტში ვერ მოასწრო მისი პროგრამით გათვალისწინებული ყველა ინიციატივის ასახვა.
ბიძინა ივანიშვილმა მისი კაბინეტის დამტკიცების დროს განაცხადა, რომ დაპირებების შესრულების კონკრეტული ვადები კონკრეტულ ციფრებთან ერთად პარლამენტს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარედგინებოდა.
მთავრობა აცხადებს, რომ მომავალ წელს მინიმალური პენსიის ფულადი კომპონენტი საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება, თუმცა ამ ეტაპზე არ განმარტავს, თუ რამდენი გახდება ის და როდის. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 149 ლარს შეადგენდა სექტემბერში; ასევე კონკრეტული ციფრების დასახელების გარეშე მთავრობა აცხადებს, რომ გაორმაგდება სოციალური დახმარებები, მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის მიზნით მომავალ წელს ეტაპობრივად გაიზრდება სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციართა რაოდენობა.
პრეზიდენტისა და სხვა ხარჯების „ოპტიმიზაციის“ გეგმები, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა 2 ნოემბერს ისაუბრა, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში ნაწილობრივ უკვე ასახულია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება, რაც წელს 14.1 მლნ ლარს შეადგენს, 9.2 მლნ ლარამდე შემცირდება მომავალ წელს. ბოლო წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა: 2010 წელს 17 მლნ ლარი იყო; 2009–ში – 20.2 მლნ ლარი; ხოლო 2008 წელს – 21.6 მლნ ლარი.
ამასთან, პრეზიდენტზე დაქვემდებარებული ეროვნული უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი არსებული 24.7 მლნ ლარიდან მომავალ წელს 1.8 მლნ ლარამდე შემცირდება.
ასევე მკვეთრად მცირდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა – ეს ფონდი მომავალ წელს 10 მლნ ლარს მიიღებს, წელს გათვალისწინებული 50 მლნ ლარის ნაცვლად. 2013 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი კვლავაც 50 მლნ ლარით არის განსაზღვრული.
წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით, არსებული 10 მლნ ლარიდან 13.6 მლნ ლარამდე იზრდება მთავრობის კანცელარიის დაფინანსება, ხოლო 39.1 მლნ ლარიდან 39.8 მლნ ლარამდე საქართველოს პარლამენტის მომავალი წლის ბიუჯეტი.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა არსებული 357.9 მლნ ლარიდან მცირდება და მომავალ წელს 150 მლნ ლარს შეადგენს. უცვლელი რჩება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის 50 მლნ ლარიანი დაფინანსება.
მთავრობა განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე გათვალისწინებული დაფინანსების ზრდა, ასევე „დამატებით იქნება მოზიდული კერძო ინვესტიციები და სესხები, რითაც შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მილიარდიანი ფონდი, რომელიც მოხმარდება მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დაფინანსებას“.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შემცირებულია ყველა გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება წლევანდელთან შედარებით, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ბიუჯეტი წელს არსებული 7.8 მლნ ლარიდან 6 მლნ ლარამდე.
ასევე მცირდება ავტონომიური რესპუბლიკებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადასაცემი ტრანსფერების ოდენობა 832 მლნ ლარიდან 770.1 მლნ ლარამდე მომავალ წელს. ამ დაფინანსების ფარგლებში თბილისისთვის გათვალისწინებულია 448.4 მლნ ლარის გამოყოფა – 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 445 მილიონი ლარის ტრანსფერს ითვალისწინებს დედაქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება მომავალ წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე 42 მლნ ლარი იქნება, რაც 6.3 მლნ ლარით ნაკლებია უწყების წლევანდელ ბიუჯეტზე.
ასევე შემცირებული აქვს დაფინანსება სახალხო დამცველის აპარატს წელს არსებული 2.1 მლნ ლარიდან 1.8 მლნ ლარამდე მომავალი წლისთვის.
მკვეთრად უმცირდება დაფინანსება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც 2012 წელს გათვალისწინებული 49.6 მლნ ლარის დაფინანსების ნაცვლად, გაისად 31.8 მლნ ლარს მიიღებს, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მისი რუსულენოვანი არხის ფუნქციონირების გაგრძელების ირგვლივ არსებული გაუგებრობით.
საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, არსებული 22.8 მლნ ლარიდან მომავალ წელს 25 მლნ ლარამდე გაიზრდება.
თითქმის ორჯერ იზრდება საგარეო ვალის მომსახურების ხარჯები 665 მლნ ლარამდე. წელს ამ მიზნით 298.8 მლნ ლარი არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება 2013 წლის ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%–ს შეადგენს, წელს არსებული 7%–ის ნაცვლად. მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 29 291.7 მლნ ლარი იქნება გაიზრდება რა საქართველოს ეკონომიკა 2 848.0 მლნ ლარით ნომინალურ გამოხატულებაში წელს პროგნოზირებადი 26 443.7 მლნ ლარიდან.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მშპ–ის მიმართ საბიუჯეტო დეფიციტი 3.5%-დან 2.8%-მდე, ხოლო სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 36.5%-დან 32.8%-მდე მცირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)