შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანის ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროინდელი კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინა და მასალებს, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, პროკურატურას რეაგირებისთვის უგზავნის.
საქმე ეხება გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 2006-2008 წლებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ხელმძღვანელის დათა ახალაიას და გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების პირობებში მათ მიერ ამ ორი დეპარტამენტის დე ფაქტო მმართველობას.
ახალაია და სანოძე 2006 წლის 13 მარტს, სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობიდან თვენახევარში, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად დროებით გათავისუფლდნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისგან. ახალაია და სანოძე იმ პირებს შორის სახელდებიან, რომლებსაც გირგვლიანის მკვლელობასთან შესაძლოა ქონოდათ კავშირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურეობრივი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება დ.ახალაიასა და ვ.სანოძისათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ატარებდა მოჩვენებით და თვალთმაქცურ ხასიათს და გამოცემული იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაკმაყოფილებულიყო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნა ამ პირების თანამდებობებიდან გათავისუფლების თაობაზე“, – განაცხადა შსს-მ 24 ნოემბერს.
„სინამდვილეში, ახალაია და სანოძე, თითქმის ორი წლის განმავლობაში სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს, მათ ხელი მიუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან, ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ-სამძებრო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ის ცნობით, 2008 წლის აგვისტოში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანების საფუძველზე დათა ახალაიას, რომელიც ხელისუფლების შეცვლამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას ძმაა, და ვასილ სანოძეს შეჩერებული თანამდებობირივი უფლებამოსილება აღუდგათ.
„შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც, შესაძლოა, უპრეცედენტო შემთხვევაა ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციონირების ისტორიაში“, – აცხადებს შსს.
„ვინაიდან, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, – შემოწმების მასალები რეაგირებისათვის დღესვე გადაიგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურაში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
332-ე მუხლის პირველი ნაწილი კვალიფიცირებულია, როგორც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ცოტა ხნის წინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მისი ადმინისტრაციის უფროსი და თბილისის ვიცე-მერი შოთა ხიზანიშვილი უკანონო მოსმენების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს „დაკავება მოხდა იმისათვის, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა“.
„ჩვენ არ შეგვეშინდება [პრემიერ-მინისტრ] ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების“, – განაცხადა 16 ნოემბერს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)