მთავარმა პროკურატურამ განაცხადა სამშაბათს, რომ რამდენიმე ბრალდება მოუხსნა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, მათ შორის ერთ-ერთი იმ ბრალდებათაგანია, რის გამოც მას სასამართლომ დაუსწრებლად 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა 2008 წელს.
ოქრუაშვილი, რომელმაც საქართველო 2007 წლის შემოდგომაზე დატოვა, დაბრუნებისთანავე თბილისის აეროპორტში დააპატიმრეს 2012 წლის ნოემბერში.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც სააკაშვილის ახლო მოკავშირე და მის მთავრობაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო, ვიდრე ის 2006 წლის ნოემბერში მინისტრთა კაბინეტს დატოვებდა, ორ დღეში დააკავეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს სერიოზული ბრალდებები წაუყენა და ოპოზიციური პარტიის შექმნის შესახებ გამოაცხადა 2007 წლის სექტემბრის ბოლოს.
იმ დროისთვის მას ბრალი დასდეს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში და გამოძალვაში. დაკავებიდან დაახლოებით ორ კვირაში, ოქრუაშვილმა დანაშაული აღიარა, უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლდა; შემდეგ მან ქვეყანა დატოვა, რაც მისი მომხრეების შეფასებით, იყო ხელისუფლების მხრიდან იძულების შედეგი.
2008 წლის მარტში სასამართლომ ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში და 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად; ერთი თვის შემდეგ ოქრუაშვილს საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.
ქრთამის აღებისა და გამოძალვის საქმე, რომელიც ეხება 2006 წელს კომპანია „ჯეოსელის“ 2.6%-იანი წილის სავარაუდო იძულებით გადაფორმებას ყოფილი დეპუტატისა და ბიზნესმენის ჯემალ სვანიძისგან, ამჟამად სააპელაციო სასამართლოში იხილება.
საქმე, რის გამოც ოქრუაშვილს 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ძირითადად ეყრდნობოდა სააკაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივნის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი ქიტოშვილის ჩვენებას, რომელიც მან ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცა. მაშინ ქიტოშვილს იმავე საქმეზე 5-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. თუმცა გასულ თვეს ქიტოშვილმა შეცვალა ჩვენება და სააპელაციო სასამართლოს განუცხადა, რომ მას ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება იძულებით მიაცემინეს.
ბრალდების მხარე აპირებს სააპელაციო სასამართლოს 10 იანვარს ჩანიშნულ სხდომაზე განუცხადოს, რომ ბრალდებას უხსნის ოქრუაშვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქრუაშვილი ქრთამის აღებისა და გამოძალვის საქმეზე გამართლდება.
მთავარმა პროკურატურამ ასევე განაცხადა 8 იანვარს, რომ ის სისხლის სამართლებრივ დევნას წყვეტს ასევე იმ ბრალდებებთან დაკავშირებითაც, რომელიც ეხება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატებისა და ფულის გათეთრებას, რაც ასევე ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. პროკურატურის განცხადებით, არ მოიპოვება იმის მტკიცებულებები, რომ ოქრუაშვილმა მართლაც ჩაიდინა ეს დანაშაულები.
ამჟამად, ოქრუაშვილს კიდევ ორი ბრალდება რჩება – ერთი უკავშირდება ასევე თავდაცვის მინისტრობისას სამსახურეობრივ გულგრილობას, ხოლო მეორე სავარაუდო უკანონო ფორმირების შექმნას. ეს უკანასკნელი ბრალდება ოქრუაშვილს 2011 წლის გაზაფხულზე ქუჩის საპროტესტო აქციების დროს წაუყენეს.
„მთავარი პროკურატურა გულდასმით სწავლობს აღნიშნულ საქმეებს“, – აცხადებს პროკურატურა და იქვე დასძენს, რომ „უახლოეს მომავალში“ მათთან დაკავშირებითაც გაავრცელებს კონკრეტულ ინფორმაციას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)