თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც არაერთი ბრალდება ჰქონდა წაყენებული და ნოემბერში საქართველოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს, 11 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მისი გათავისუფლება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მას პროკურატურის შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლომ 10 იანვარს მოუხსნა ბრალი ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში, ხოლო 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის თხოვნა 15 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების თაობაზე ცალკე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სამსახურეობრივ გულგრილობას ეხება და რაც ასევე 2004-2006 წლებში ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება.
ოქრუაშვილს 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი 2008 წლიდან ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე, რომელშიც ის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა, ხოლო სასამართლო მოსმენები სამსახურეობრივი გულგრილობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მომავალი კვირიდან განახლდება.
ამას გარდა, ოქრუაშვილს ასევე წაყენებული აქვს ბრალდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე, რომელშიც მას 2011 წლის გაზაფხულზე ქუჩის საპროტესტო აქციების დროს წინა ხელისუფლება ადანაშაულებდა. 9 იანვარს სასამართლო მოსმენაზე რამოდენიმე მოწმემ, რომლებმაც თავდაპირველად ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენებები, შეცვალეს თავიანთი პოზიციები იმ მოტივით, რომ მათ ყოფილი თავდაცვის მინისტრის საწინააღმდეგო ჩვენებების მიცემა აიძულეს. ამ საქმესთან დაკავშირებით მოსმენები თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე გაგრძელდება მომავალი კვირიდან.
პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ ის სისხლის სამართლებრივ დევნას წყვეტს ოქრუაშვილის მიმართ არსებულ იმ ბრალდებებთან დაკავშირებითაც, რომელიც ეხება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატებისა და ფულის გათეთრებას მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში.
სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ, ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ერთი წუთი ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს საქმე ასე დამთავრდებოდა. მიუხედავად ამისა, ორი საქმე კიდე მიმდინარეობს და დასრულდება ალბათ იმ კვირაში – ანალოგიურ გადაწყვეტილებას ველოდები ზუსტად იმ საქმეებთან დაკავშირებით“.
კითხვაზე დაბრუნდება თუ არა ის პოლიტიკაში, ოქრუაშვილმა უპასუხა: „ცოტა რთულია დღეს მაგის თქმა, მაგრამ ვნახოთ. აქტიური ადამიანი ვერ ჯერ–ჯერობით ასაკიდან გამომდინარე“. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალ კვირას პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც სააკაშვილის ახლო მოკავშირე და მის მთავრობაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო, ვიდრე ის 2006 წლის ნოემბერში მინისტრთა კაბინეტს დატოვებდა, ორ დღეში დააკავეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს სერიოზული ბრალდებები წაუყენა და ოპოზიციური პარტიის შექმნის შესახებ გამოაცხადა 2007 წლის სექტემბრის ბოლოს.
იმ დროისთვის მას ბრალი დასდეს დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში და გამოძალვაში. დაკავებიდან დაახლოებით ორ კვირაში, ოქრუაშვილმა დანაშაული აღიარა, უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლდა; შემდეგ მან ქვეყანა დატოვა, რაც მისი მომხრეების შეფასებით, იყო ხელისუფლების მხრიდან იძულების შედეგი.
2008 წლის მარტში სასამართლომ ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში და 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად; ერთი თვის შემდეგ ოქრუაშვილს საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.
საფრანგეთში ყოფნის პერიოდში ოქრუაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად 2011 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როცა მისი პარტია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს შეუერთდა, თუმცა ეს ალიანსი მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა. სწორედ მაშინ წაუყენა პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ მას ახალი ბრალი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)