Site icon Civil.ge

სააკაშვილმა ის ელჩები გაათავისუფლა, რომელთა შეცვლასაც ფანჯიკიძე ითხოვდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის ელჩები გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან, რომელთა გამოწვევაც საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს სურდა, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

გათავისუფლებულ ელჩებს შორის არიან საქართველოს ელჩი გერმანიაში გაბრიელა ჰასბურგ- ლოტრინგენი, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა 2009 წლის ნოემბერში დაამტკიცა; ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე, რომელიც ამ პოსტზე 2008 წლის დეკემბერში დამტკიცდა; ელჩი ბელგიასა და ევროკავშირში სალომე სამადაშვილი, რომელსაც ელჩის თანამდებობა 2005 წლის აპრილიდან უკავია.

მათ შორის ასევე არიან: მამუკა ჟღენტი,  ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი 2011 წლის დასაწყისიდან; ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე 2011 წლის ივნისში დაინიშნა; ელჩი თურქეთში ზურაბ პატარაძე, რომელიც ამ პოსტზე შარშან ივნისში დამტკიცდა; ელჩი ყაზახეთში დავით მუმლაძე; ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე; ელჩი ლიტვაში გიორგი ქერდიყოშვილი და ელჩი ბულგარეთში ლევან მეტრეველი.

საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე უნდოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაეროში საქართელოს ელჩების, თემურ იაკობაშვილის და ალექსანდრე ლომაიას გათავისუფლება თანამდებობიდან; ორივე მათგანმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განაცხადეს, რომ გადადგომას აპირებდნენ.  
 
საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე სურდა რამდენიმე ელჩის ჩანაცვლება დიპლომატიური როტაციის ფარგლებში. ესენი არიან: პაატა გაფრინდაშვილი- ავსტრიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. იგი ამ პოსტზე 2009 წლის მარტში დამტკიცდა;  კონსტანტინე კორკელია – ლატვიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც ამ პოსტზე 2007 წლის ოქტომბრიდან მსახურობს; ნინო ნაკაშიძე – ჩეხეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და  ზვიად ჭუმბურიძე- უნგრეთში საქართველოს ელჩი; ორივე მათგანი პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით 2008 წლის დეკემბერში დაამტკიცა.

საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 57 ადგილას აქვს დიპლომატიური მისიები, რასაც ემატება მუდმივმოქმედი წარმომადგენლობები რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)