Site icon Civil.ge

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსთან მოლაპარაკებების შესახებ

მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის დეკემბერში დაწყებული მოლაპარაკებები „დადებით შედეგებს გამოიღებს, იმ სფეროებში, სადაც ეს რეალური და შესაძლებელია“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 31 იანვარს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ერთმანეთს შვეიცარიაში 14 დეკემბერს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, განაგრძონ პირდაპირი დიალოგი ვაჭრობის, ეკონომიკის და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი აპირებს განაგრძოს ეს დიალოგი თბილისთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს განცხადება მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როდესაც მას ჰკითხეს მიმდინარეობდა თუ არა თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის, ასევე „სადავო ტერიტორიების“ და „საქართველოს დსთ–ში დაბრუნების“ თაობაზე.

ამის საპასუხოდ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ „სადავო ტერიტორიები“ არ არსებობს.

„ეს საქართველოს იდეოლოგიაა. ეს არ არის „სადავო ტერიტორიები“, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, საერთაშორისო სამართლის სუბიექტები. რაც უფრო მალე გაიგებს საქართველოს ხელმძღვანელობა, რომ ეს ახალი გეოპოლიტიკური რეალობებია რეგიონში, მით უფრო ადვილად წარიმართება დარეგულირების პროცესი“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

დსთ–სთან დაკავშირებით, ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ზოგიერთი რუსული და ქართული საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა 29 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ–ს პირველი დეპარტამენტის დირექტორის  მიხეილ ევდოკიმოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ თბილისთან უკვე არსებობდა კონტაქტები დსთ–ში შესაძლო დაბრუნების თაობაზე.

ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ მედია საშუალებებმა ევდოკიმოვის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს.

„საქართველოს დსთ–ში დაბრუნების საკითხი თბილისთან ჩვენი კონტაქტების დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)