Site icon Civil.ge

მერაბიშვილი, ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხნენ საქმეზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში 5.24 მლნ ლარის საბიუჯეტო სახსრების, სავარაუდო, არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.

პროკურატურამ განაცხადა, რომ იმ 21 837 „სოციალური აგენტიდან“, რომლებიც უმუშევართა მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით წინა მთავრობამ შტატგერეშედ დაიქირავა, დაიკითხა 2000 ადამიანი, „რომელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ზემოხსენებულ 21 837 მოქალაქეს „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის" ფარგლებში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და რომ მათ თანხა მიიღეს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო  აქტიურობისათვის“.

ვანო მერაბიშვილმა დაკითხვის შემდეგ გაკეთებულ მოკლე კომენტარში განაცხადა, რომ გამოძიება „ივანიშვილის დავალებით“ მიმდინარეობს.

„600 ათას ოჯახში იმყოფებოდნენ სოცაგენტები და შეავსეს ანკეტები და ამის მოწმეა მთელი საქართველო“, – განაცხადა მან, „ფაქტია, რომ ეს მთავრობა არ ფიქრობს დასაქმებაზე. იმედია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც იზრუნებს ჩვეულებრივ ხალხზე, იზრუნებს მათ დასაქმებაზე და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს არ გადააყოლებს მთელ ქვეყანას“.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც გამომძიებლებმა პირველი დაკითხეს, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურის კითხვებს „ამომწურავად“ უპასუხა.

„თვითონ ამ პროგრამის ფარგლებში გამოძიების ჩატარება ჩემთვის ძალიან ბევრ პოლიტიკურ კითხვას აჩენს: რაში ჭირდება ახალ ხელისუფლებას კითხვის ნიშნები დასვას იქ, სადაც არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს“, – განაცხადა მან და ახალ მთავრობას უმუშევართა მონაცემთა ბაზის სრულყოფისკენ და მოქალაქეთა დასაქმებისკენ მოუწოდა, „შანტაჟისა“ და „პოლიტიკური ოპონენტების დევნის“ ნაცვლად.

დაკითხვების დროს ქუთაისის პროკურატურის შენობასთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)