Site icon Civil.ge

ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა მოლაპარაკებებში შესაძლო პროგრესზე მიანიშნებენ

პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ მიანიშნეს, რომ ძალაუფლების გაყოფის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში საერთო ენის გამონახვის პოტენციალი არსებობს.

ამჟამად, ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა მოლაპარაკებებს მართავს 2013 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი ახალი საკონსტიტუციო დებულებების „დიდი ნაწილის“ ვადამდელი ამოქმედების შესაძლებლობაზე.

ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც წინა პარლამენტმა 2010 წელს მიიღო, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის უფლებების გაძლიერების ხარჯზე.

ინიციატივა ახალი კონსტიტუციის ვადამდელი ამოქმედების შესახებ ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნებაც“ მიესალმება. პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 14 თებერვალს, რომ ეს „კარგი ინიციატივაა“ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან მოლაპარაკებებშია ჩართული, განაცხადა, რომ მათი „უკიდურესად კონსტრუქციული შეთავაზება“  დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს და „გახსნის გზას ასევე სხვა საკითხების დასარეგულირებლად“, მათ შორის წინა მთავრობის წარმომადგენლების „დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად“.

„ვფიქრობ ეს დაარეგულირებს არსებულ პრობლემებს, ურთიერთობას მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს შორის ისევე როგორც, ჩვენი ხედვით და რწმენით, ეს უნდა დაგვეხმაროს ქვეყანაში მეტი სტაბილურობის, მეტი მშვიდობის მიღწევაში, მიმდინარე დაკითხვების და ზეწოლის ტალღის შეჩერებაში და მთლიანობაში ქვეყანაში სტაბილურობის და სამოქალაქო მშვიდობის ახალი ხარისხის მიღწევაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 15 თებერვალს.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ამ წინადადებას ქართული ოცნების მხრიდან „გარკვეული პოზიტიური რეაგირება მოყვა“.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება უკვე კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, თუ რა შევა ძალაში დღესვე და რა დარჩება საკუთარ ვადაში“,  – აღნიშნა მან.

ახალი საკონსტიტუციო დებულებები 2013 წლის ოქტომბერში ასარჩევი ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა შევიდეს ძალაში. ამავე დროს უნდა ამოქმედდეს ის დებულებაც, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების მისაღებად საჭირო კვორუმის ორი მესამედიდან (100 ხმიდან) სამ მეოთხედამდე (113 ხმამდე) აწევას ითვალისწინებს.

სწორედ ამ საკითხის ვადაზე ადრე ამოქმედება და საქართველოს პროდასავლური კურსის კონსტიტუციაში ასახვის საკითხები დააყენა ნაციონალურმა მოძრაობამ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად, რომელიც ქართულმა ოცნებამ დეკემბერში შეიმუშავა და ითვალისწინებს პრეზიდენტისთვის იმ უფლების ჩამორთმევას, რომ მან მთავრობის დათხოვნა და ახალი კაბინეტის ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშვნა ვეღარ შეძლოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნებიდან მთავარი მომლაპარაკებელია და 11 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ  მოლაპარაკებების სულ ცოტა ორი რაუნდი  გამართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან, ასევე დაადასტურა 15 თებერვალს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების თემაა 2010 წელს ნაციონალური მოძრაობის ინიციტივით პარლამენტში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ვადაზე ადრე ამოქმედების საკითხი.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ მოდელში არის გარკვეული სახის ხარვეზები, მისი ამოქმედება შესაძლოა ნაწილობრივ და არასრულად. ეს იქნებოდა ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება, რომელიც დგას დღის წესრიგში“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ერთ კონკრეტულ საკითხს აყენებს, რომ „პრეზიდენტს აღარ შეეძლოს ერთპიროვნულად მთავრობის შექმნა, მაგრამ ამ საუბრებში ვინაიდან გაჩნდა მზაობა უფრო კომპლექსური, უფრო გლობალური პრობლემების მოგვარების, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საინტერესო იდეაა“.

მან ასევე განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ქართულმა ოცნებამ ახალი საკონსტიტუციო დებულებების დადგენილ ვადაზე ადრე ამოქმედება შესთავაზა ნაციონალურ მოძრაობას, „იმ პერიოდისთვის ისინი არ იყვნენ მზად, თვლიდნენ, რომ  ამ უფლებამოსილების შემცირება პრეზიდენტისთვის არ იყო მათთვის მისაღები“.

„შექმნილ რეალობაში ბევრი სხვადასხვა  ფაქტორის გათვალისწინებით დღეს მათ გამოთქვეს არა თუ მზადყოფნა, არამედ თავად გამოვიდნენ ამ ინიციატივით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ბევრი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ადამიანები უფრო და უფრო რაციონალურად იქცევიან ხოლმე“, – დასძინა მან ოპონენტების მისამართით.