Site icon Civil.ge

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბათუმში გაიმართება

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მეორე სამმხრივ შეხვედრას ბათუმში 28 მარტს გამართავენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს.

ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მომავალი შეხვედრის დეტალები 19 მარტს ბაქოში თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან მოლაპარაკებების დროს განიხილა.

პირველი ასეთი სამმხრივი შეხვედრა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2012 წლის ივნისში ტრაბზონში გაიმართა. ამ შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა ტრაბზონის დეკლარაციას, რომელიც სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავდა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერას და ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს.

ბაქოში ორდღიანი ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 18 მარტს ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

ასევე 18 მარტს პრეზიდენტმა ალიევმა ცალკე შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან, რომელიც ასევე სტუმრობდა ბაქოს.

„სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგ დონეზეა ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა 18 მარტს, „აღნიშნა რა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას კარგი ტრადიციები აქვს როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ არსებობს კარგი შესაძლებლობები თავდაცვის სფეროში ურთიერთქმედების შემდგომი გაძლიერებისთვის“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)