ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ღირებულებებზე დაფუძნებული ერთიანი გუნდია და პარტიაში რაიმე შიდა უთანხმოება არ არსებობს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 აპრილს.
ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუს დროს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას სახელით გაკეთებულ ბრალდებებზე ჰკითხეს.
„არც მინდა ამაზე ლაპარაკი; არასერიოზულია უბრალოდ“, – უპასუხა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მას არასდროს ჰქონდა "მჭიდრო" ურთიერთობები დათა ახალაიასთან; ვარდების რევოლუციის შემდეგ მთელი ამ წლების განმავლობაში "შეიძლება ორჯერ და სამჯერ მყავს სულ ნანახი", განაცხადა მან.
„მე საერთოდ არ მგონია, რომ ის კაცი [დათა ახალაია] საერთოდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკური პროცესი დღეს პარლამენტში მიდის, სადაც ნაციონალურ მოძრაობას „ძალიან მაგარი ჯგუფი“ ჰყავს.
მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში მიდის „განახლების“ პროცესი.
„ნაციონალური მოძრაობა ეს არ არის პიროვნებების, უფრო სწორად პიროვნულ ურთიერთობებზე აგებული ჯგუფი; ნაციონალური მოძრაობა ეს არის პრინციპების გარშემო არსებული გაერთიანება, იქ ადამიანები მოდიან, მიდიან, ზოგჯერ ჩხუბობენ… ეს მომხდარა, ეს მოხდება მომავალშიც“, – განაცხადა სააკაშვილმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ნაციონალური მოძრაობის უმცირესობამ ერთიანობის დემონსტრირება მოახდინა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის დროს.
კითხვაზე აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე, სააკაშვილმა უპასუხა, რომ მან აქციის დეტალების შესახებ არ იცის, რადგანაც ეს არ არის და არც უნდა იყოს პრეზიდენტის ფუნქცია. მან ასევე განაცხადა, რომ აქცია არ უნდა იქნას გამოყენებული კანდიდატის დასახელებისთვის.
კითხვაზე იქნება თუ არა ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კანდიდატს „გამჭირვალედ“ აარჩევს პარტიაში შიდა კონკურსის გზით.
„ვანო ძალიან ღირსეული ადამიანია, ძალიან; აქ საუბარი ამაზე არ არის, აქ არის პროცესი და მისი ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ვანოა“, რომ კანდიდატის შერჩევა შიდა კონკურსით, შესაძლოა პრაიმერის საშუალებით მოხდეს, განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)