საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიუსელს სტუმრობს, სადაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში 23 აპრილს დაგეგმილ იმ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, რომელიც ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმართება.
ამ შეხვედრაზე მაია ფანჯიკიძე პარტნიორებს სიტყვით მიმართავს, იტყობინება მისი უწყება.
ნატოს შტაბბინაში მან უკვე გამართა შეხვედრა კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან. შეხვედრის შემდეგ ფანჯიკიძემ დაადასტურა, რომ საქართველო ავღანეთში მისიის ბოლომდე დარჩება და 2014 წლიდანაც განაგრძობს ახალი ფორმატით მონაწილეობას.
სხვა ორმხრივ შეხვედრებთან ერთად, ასევე დაგეგმილია მინისტრ ფანჯიკიძის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან.
„ეს იქნება პირველი შეხვედრა მათი და განხილული იქნება საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობის მნიშვნელოვანი დეტალები“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება, „ასევე საუბარი იქნება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხრიდან განხორციელებულ რეფორმებზე და ყველა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო პოლიტიკური კუთხით“.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან: გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ, შტეფან ფულესთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან ჰელგა შმიდთან და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან კარელ დე გუხტთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)