ევროპის საბჭოში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ლიტვაში და ყაზახეთში პარლამენტმა 1 მაისს ხუთი ახალი ელჩის კანდიდატურას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
ელჩები მას შემდეგ შეუდგებიან საქმიანობას, რაც მათ დანიშვნას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს.
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დეპუტატებმა კონსტანტინე კორკელიას დაუჭირეს მხარი, რომელიც ბოლოს ლატვიაში საქართველოს ელჩად მუშაობდა.
ირაკლი კოპლატაძე, რომელიც ირლანდიაში საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო, ხოლო 1996-2003 წლებში საქართველოს საპენსიო ფონდს ხელმძღვანელობდა, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა.
ის ამ თანამდებობაზე ზურაბ პატარაძეს შეცვლის, რომელსაც პარლამენტმა დღესვე ყაზახეთში საქართველოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაუჭირა მხარი. პატარაძე თურქეთში ელჩობამდე მუშაობდა კონსულის პოზიციებზე სტამბოლში, სალონიკსა და მოსკოვში.
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თეიმურაზ შარაშენიძეს, რომელიც 2011 წლის დასაწყისიდან იყო საქართველოს ელჩი ბაქოში.
ხათუნა სალუქვაძე, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ლიტვაში საქართველოს ელჩი გახდა.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ მხარი დაუჭირა ახალი ელჩების დანიშვნას.
იმავდროულად, დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან განაცხადეს, რომ პრეზიდენტი კვლავაც „აჭიანურებს“ ელჩობის სხვა კანდიდატების წარდგენის პროცესს, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ასევე გაერო. მათი თქმით, ეს საკითხი რაც შეიძლება დროულად უნდა გადაწყდეს, რათა დიპლომატიური საქმიანობა არ შეფერხდეს.
ანალოგიური პრეტენზია პრეზიდენტის მიმართ წინა შემთხვევაშიც გამოითქვა, როდესაც თებერვალში პარლამენტში ცხრა ახალი ელჩის დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტმა თითქმის ერთი თვის თავზე მოაწერა ხელი მათ დანიშვნას.
პარლამენტმა 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტს უწესებს 10-დღიან ვადას, რათა მან პარლამენტში დამტკიცებული ელჩები თანამდებობებზე დანიშნოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)