Site icon Civil.ge

ეროვნული კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის გამოძიებას თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით პარლამენტმა 1 მაისს საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც დეპუტატი ქართული ოცნებიდან თინა ხიდაშელი უხელმძღვანელებს.

12-წევრიან კომისიას უფლებამოსილების ვადა 3 თვით განესაზღვრა და მასში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა ნახევარს არ აღემატება.

კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას პარლამენტმა მარტის დასაწყისში დაუჭირა მხარი იმ საჩივრის საფუძველზე, რომელიც ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სატელეფონო კომუნიკაციების კომპანიებმა, მათ შორის „ახტელმა“ და „ახალმა ქსელებმა“ წარადგინეს საკანონმდებლო ორგანოში.

მაშინ დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ საჩივარში საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომუნიკაციების წევრთა მხრიდან შესაძლო დარღვევებზე, მათ შორის თანამდებობის ბოროტად გამოყენების, დოკუმენტების გაყალბების, სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის, კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების თაობაზე.

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი თანამდებობიდან აპრილში ისე გადადგა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მრავალთვიან შვებულებაში ყოფნის შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა.

აშშ-ის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც 2012 წელს მიმოიხილავს, ნათქვამია, რომ ირაკლი ჩიქოვანი „მსხვილი სარეკლამო სააგენტოს მფლობელი იყო, რაც პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს, რადგანაც იგი იმ სარეკლამო კომპანიიდან იღებდა შემოსავალს, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული სტრუქტურა არეგულირებდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)