საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ქვეყნის ევროპული მისწრაფების შეცვლა არ მოყოლია არც „სიტყვით“ და არც „საქმით“, განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
კითხვაზე შეცვალა თუ არა ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამ საქართველოს ევროპული მისწრაფება, ფიულემ უპასუხა: „ამას არ შეუცვლია ევროპული მისწრაფება; ამას არაფერი შეუცვლია სიტყვიერად – ვგულისხმობ იმას, რომ ახალი ხელისუფლებისგან [ევროპული ინტეგრაციის] ერგულების იგივე განცხადებები გვესმის; და საქმითაც ბევრი არაფერი შეცლილა – ჩვენი მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც ასევე მოიცავს ეკონომიკური ინიტეგრაციის ნაწილს [ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება] საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, მათ შორის ასევე დისკუსიები სავიზო დიალოგის ფარგლებში ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით“.
„თუმცა, ის, რაც ამან [საქართველოში ხელისუფლების შეცვლამ] მოიტანა, არის კოჰაბიტაცია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს „გამოწვევაა“ როგორც პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, ასევე პრემიერ–მინისტრ ივანიშვილისთვისაც.
„დასაწყისში არსებული ზოგიერთი რთული მომენტის მიუხედავად, ჩვენ პრემიერ–მინისტრის და მთავრობის, ასევე პრეზიდენტის მხრიდან თანამშრომლობის პირველ ნიშნებს ვხედავთ; ჩვენ ვიხილეთ კონსენსუსის საფუძველზე მიღწეული შეთანხმება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტის შესახებ; ჩვენ ასევე ვიხილეთ თანამშრომლობა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა ფიულემ.
„ამრიგად საქმე წინ მიდის და ვფიქრობ, საქართველო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს [აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების] ვილნიუსის სამიტის წარმატებას“, რომელიც 2013 წლის ნოემბერშია დაგეგმილი, – დასძინა ევროკომისარმა.
კითხვაზე, თუ რას აკეთებს ევროკავშირი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასთან მიმართებაში, ფიულემ უპასუხა, რომ ევროკავშირი „პირველ რიგში“ მოუწოდებს რუსეთს, რომ „სრულად შეასრულოს“ 2008 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს თავი შეიკავოს სამხედრო ძალის კონცენტრაციისგან; ჩვენ კვლავ და კიდევ ვიმეორებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვრჩებით,“ განაცხადა ფიულემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)