Site icon Civil.ge

რესტორანში მომხდარი ჩხუბის შედეგად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები დაშავდნენ

ორი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობიდან, დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია საავადამყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრში მდებარე ერთ–ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის შედეგად მათ დაზიანებები მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საპირისპირო მხრიდანაც დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელსაც ასევე დასჭირდა სამედიცინო ჩარევა.   

ექიმის განცხადებით, საყვარელიძემ ტვინის შერყევა მიიღო, მას ასევე დაუდგინდა ცხვირის მოტეხილობა და ხელის დაზიანება; ვაშაძეს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება, ხოლო გოროზიას მტევნის მოტეხილობები; სამივე მათგანი ჩატარებული მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.

დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს საავადმყოფოს წინ, სადაც მისი კოლეგები მკურნალობას გადიოდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე კრიმინალური თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებულია.

ერთ–ერთმა მამაკაცმა, რომელიც ინციდენტში საპირისპირო მხარეს წარმოადგენდა, უთხრა ჟურნალისტებს, რომ სიტყვიერი დაპირისპირება, რომელსაც შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოყვა,  მას შემდეგ დაიწყო, რაც მის თანმხლებ ქალბატონს თბილისის ერთ-ერთმა გამგებელმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს ახლდა, შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა კვირას, რომ გამოძიება „ხულიგნობის“ ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე განცხადების თანახმად, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან „la trufe-ში" დაახლოებით 00:00 საათზე, რესტორნის ქვედა სართულზე, მაგიდებთან მსხდომ სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.

„დაკითხული მოწმეები ჩვენებაში დეტალურად აღწერენ, რომ სტუმრებს შორის ჩხუბი 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათი განმარტებით, მომხდარი ინციდენტის დროს სტუმართა ნაწილმა რესტორანი დატოვა, მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი მეუღლესთან ერთად“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.  

ამავე განცხადების თანახმად, მოწმეების თქმით,  რესტორანში სტუმრად იყვნენ ასევე პარლამენტის წევრები, დეპუტატები: გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი.

„სამართალდამცველები ჩვენებებში ნახსენებ პოლიტიკოსებს უახლოეს დღეებში დაკითხავენ“, – განაცხადა შსს–მ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)