რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 14 მაისს სეპარატისტულ აფხაზეთს ესტუმრა, სადაც მან გუდაუთაში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა.
მან სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაათვალიერა და „განსაკუთრებული ყურადღება ბაზაზე სამხედროების საცხოვრებელ პირობებს დაუთმო“, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
ამავე ინფორმაციით, შოიგუ ასევე ესტუმრა „მშენებარე პარკირების ზონას, რომელიც არსებული და ახალი სამხედრო ტექნიკის განთავსებისთვისაა გათვალისწინებული“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გუდაუთაში რუსეთის სამხედრო სანატორიუმიც მოინახულა.
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა აპრილში აფხაზეთის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ 2008 წლის ომმა საქართველოსთან საშუალება მისცა რუსეთს „კიდევ უფრო მეტად გაეფართოებინა ისედაც მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა“ რეგიონში, ხოლო ინვესტიციები სამხედრო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, მათ შორის საცხოვრებელი კომპლექსები რუსი სამხედრო პერსონალისთვის სეპარატისტულ რეგიონში „ნათელი ნიშანია იმისა, რომ მოსკოვი განუსაზღვრელი ვადით აპირებს აფხაზეთში დარჩენას“.
რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანგარიში აღნიშნავს, რომ აფხაზეთში რუსეთს დაახლოებით 5 000 მოსამსახურე ჰყავს, საიდანაც 3500 სამხედროა, ხოლო 1500 ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი და მესაზღვრე.
„მოსკოვმა 4 წლის განმავლობაში 465 მილიონი აშშ დოლარი გამოყო სამხედრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის. ეს ასევე მოიცავდა სამუშაოებს გუდაუთაში ბომბორას აეროდრომზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სამხედრო აეროდრომია. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მედია წყაროების ცნობით, ბაზაზე მნიშვნელოვანი შეიარაღებაა, დასავლელმა სამხედროებმა 2012 წლის ბოლოს განაცხადეს, რომ დაზვერვამ დაადგინა, რომ ბაზაზე რეგულარულად მხოლოდ ოთხი მოიერიშე თვითმფრინავია – ორი „სუხოი 27“ და ორი „მიგ 29“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, უცხოელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას აფხაზეთში 10 000–მდე სამხედროს შენახვა შეუძლია.
„რუსებმა ასევე განაახლეს უფრო მცირე, თუმცა სტრატეგიულად და სიმბილურად მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი ოჩამჩირეში, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში“, – ნათქვამია ანგარიშში, „გავრცელებული ინფორმაციით, იქ რუსეთის სასაზღვრო პატრულის რვა კატარღაა განთავსებული – მათ შორის ორი ახალი, რომლებიც 2012 წელს ჩამოვიდა. FSB-ს თანამშრომლების განცხადებით, ისინი ასევე ქმნიან რამდენიმე სარადარო სადგურს სანაპიროს გასწვრივ, რომელიც აფხაზეთის ‘ტერიტორიულ წყლებს’ დაფარავს და საქართველოს საზღვაო კონტროლ ქვეშ არსებულ ტერიტორიებს გააკონტროლებს“.
ანგარიშის თანახმად, რუსეთმა „აშკარად გაამყარა უსაფრთხოების კუთხით საკუთარი ყოფნა აფხაზეთში ბოლო ხუთი წლის მანძილზე“, მაგრამ მოსკოვი, სავარაუდოდ, „არ იყენებს სრულად თავის განახლებულ ინფრასტრუქტურას“. ანგარიშის თანახმად, სავარაუდოდ ამის მიზეზია მოსკოვის სურვილი, რომ არ წარმოჩინდეს როგორც ოკუპანტი ძალა, თუმცა შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების სერიოზულ ვალდებულებას ჩრდილოეთ კავკასიის მეამბოხეებთან ბრძოლის კუთხით, რაც ზღუდავს აფხაზეთში გამოსაყენებელი რესურსების მოცულობას.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ამას იმისთვის აკეთებდეს, რომ ღია დატოვოს კარი საქართველოსთან კომპრომისისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)