აშშ–ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი, რომელმაც დაღუპული ქართველი სამხედროები ჩამოასვენა, თბილისის აეროპორტში ხუთშაბათს დაეშვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო.
ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია იმ სამი ქართველი სამხედროს პატივსაცემად, რომლებიც 13 მაისს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.
დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდნენ.
დაღუპულთა ცხედრები აშშ–ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით სამშობლოში ხუთშაბათს ჩამოასვენეს.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სხვა სამხედრო მეთაურები, ასევე დაღუპულთა ოჯახების წევრები თბილისის აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალს დაესწრნენ. აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.
მანამდე ხუთშაბათს თავდაცვის მინისტრი ვაზიანში მე–4 ბრიგადას სტუმრობდა, სადაც მან განუცხადა ქართველ სამხედროებს, რომ ავღანეთში 13 მაისს მოკლულმა ქართველმა სამხედროებმა "ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაწირეს თავი".
დღეს 19:00 საათზე ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ამ ბოლო ინციდენტის შედეგად ISAF–ის მისიაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობამ 22 შეადგინა. სულ ცოტა 113 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა ავღანეთში.
საქართველომ გასულ შემოდგომაზე თავისი სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რის შედეგადაც მათი რიცხვი 1 560–ს აღემატება.
საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა. მაშინ 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით მსახურობდა გერმანული სარდლობის ფარგლებში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2009 წლის ნოემბერში საქართველომ 173 სამხედრო განათავსა ქაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ, ხოლო მომდევნო წელს ავღანეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა და ჰელმანდის პროვინციაში ქვეითთა ბატალიონი განათავსა, რომლებიც იქ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობენ. კიდევ ერთი ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში საქართველომ 2012 წლის შემოდგომაზე გაგზავნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)