ლგბტ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „იდენტობა“ ორშაბათს განაცხადა, რომ 17 მაისის ძალადობაში დამნაშავეთა დაუსჯელობამ, მომხდარიდან სამი დღის თავზე, გამოიწვია ლგბტ პირთა ან ამგვარად აღქმულ ადამიანთა მიმართ თავდასხმების ზრდა.
იმავდროულად, ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის მრჩეველმა საქართველოში ტომას ჰამარბერგმა განაცხადა 20 მაისს, რომ მისი აზრით, ხელისუფლება 17 მაისს მომხდარი ძალადობის გამოძიებას „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება და დასძინა: „მჯერა, რომ ნაბიჯები ძალიან მალე გადაიდგმება“.
„იდენტობამ“, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ არშემდგარი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, განაცხადა ორშაბათს, რომ „დაუსჯელობა კიდევ უფრო ახელებს ძალადობისკენ მომართული ადამიანების თვითნებობას და კანონსაწინააღმდეგო ქცევას“.
„ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება თბილისის ქუჩებში თუ სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დღემდე საფრთხის წინაშე დგას“, – აცხადებს ორგანიზაცია თავის განცხადებაში, სადაც ჩამოთვლილია რამდენიმე ჰომოფობიური ინციდენტი, რაც, მისი ინფორმაციით, 17 მაისის მოვლენების შემდეგ მოხდა.
„იდენტობის“ მიერ მოთხრობილ ერთ-ერთ შემთხვევაში, ერთი მამაკაცი თბილისის სხვადასხვა ადგილას რამდენიმე თავდასხმის მსხვერპლი გახდა 17-დან 19 მაისამდე პერიოდში და ერთ-ერთი ეპიზოდის დროს მას „ჰომოფობიური შეურაცხყოფების ფონზე თმებზე ცეცხლი წაუკიდეს“.
ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიწყო 17 მაისის ძალადობრივი მოვლენების გამოძიება; თუმცა ამ დრომდე ამ საქმესთან დაკავშირებით არავინ არ არის დაკავებული და არც კონკრეტული ბრალდებული არსებობს.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 19 მაისს განაცხადა, რომ გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.
ტომას ჰამარბერგმა, რომელიც ევროკომისიამ თებერვალში თავის სპეციალურ მრჩევლად დანიშნა საქართველოში სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, ორშაბათს განაცხადა, რომ „დამწუხრებულია“ 17 მაისის მოვლენების გამო.
ჰამარბერგი, რომელიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი იყო 2006-2012 წლებში, საქართველოს სახელმწიფო უწყებებს რჩევებს აძლევს სასამართლოს, სამართლებრივ და კონსტიტუციურ რეფორმებზე, ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებთან, პენიტენციალურ სისტემასთან მიმართებაში და ადამიანის უფლებათა საკითხებში.
მან 20 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის რაც 17 მაისს მოხდა, „ქვეყანაში არავისთვის გამარჯვებას არ წარმოადგენს“.
„მაგრამ მე ასევე აღვნიშნავდი რამდენიმე დადებით ფაქტორსაც,“ – განაცხადა ჰამარბერგმა და მოიყვანა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის წერილობითი განცხადება, სადაც მან დაგმო ძალადობა და პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
„პრემიერ-მინისტრის განცხადება დამაიმედებელი, პრინციპული და ძალიან დროული იყო. ამან აჩვენა ლიდერობა, როცა ეს საჭირო იყო“, – განაცხადა ჰამარბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ განცხადებაში მას წვლილი არ მიუძღვის და ეს თავად პრემიერ-მინისტრის პირადი ინიციატივა იყო. „მე მას ვესაუბრე ერთი დღის შემდეგ და მან ნათლად მიუთითა, რომ ის [რაც განცხადებაშია ნათქვამი] პირადად მისი მყარი განწყობაა და მან ეს მართლაც თავისით გააკეთა“, – განაცხადა ჰამარბერგმა.
ის ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ ძალადობა ძირითადმა პოლიტიკურმა ძალებმა დაგმეს და აღნიშნა, რომ ეს აძლევს მას იმის რწმენას, რომ ნაბიჯები, „რომლებიც სამართლიანობის აღდგენის კუთხით გადაიდგმება, პოლიტიკურ დაპირისპირებას არ გამოიწვევს“.
„მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს არ იქნება დაპირისპირების გამოწვევი დანარჩენ საზოგადოებაშიც, მათ შორის ეკლესიაში“, – განაცხადა ჰამარბერგმა და იქვე აღნიშნა ის განცხადება, რომელიც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა 19 მაისს გააკეთა და თქვა, რომ ეკლესია არ არის გამოძიების წინააღმდეგი და რომ სასულიერო პირებს, თუ მათ „გადაცდომა“ მოუვიდათ, არ გაუჭირდებათ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა.
„მჯერა, რომ თავად ეკლესიის შიგნით იქნება განხილვა იმაზე, თუ რეალურად რა მოხდა და როგორც უნდა იქნას ეს მომავალში თავიდან აცილებული“, – განაცხადა ჰამარბერგმა და დასძინა, რომ მან პატრიარქს შესთავაზა შეხვედრა ივნისში, როცა ის მომდევნო ვიზიტით ეწვევა საქართველოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 20 მაისს ამ თემის კომენტირებისას განაცხადა: „იმუნიტეტი არ აქვს არავის, არცერთი რელიგიის წარმომადგენელს, არცერთი პროფესიის წარმომადგენელს… ამის თაობაზე თავად სასულიერო პირებმა განაცხადეს, ეკლესიის წარმომადგენლებმა, რომ ისინი თვლიან, რომ თუ ვინმემ რამე გადაამეტა და კანონთან პრობლემაა, ისინი მზად არიან პასუხი აგონ“.
17 მაისის მოვლენების გამოძიებაზე საუბრისას, ტომას ჰამარბერგმა განაცხადა, რომ მან დეტალების შესახებ არაფერი იცის, „მაგრამ მე ძალიან მკაფიო განცდა მაქვს, რომ ამას ძალიან სერიოზულად უყურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და მჯერა, რომ ნაბიჯები ძალიან მალე გადაიდგმება“.
17 მაისის ძალადობის დროს პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით ჰამარბერგმა განაცხადა, რომ მართალია ადგილზე არ აკვირდებოდა მოვლენებს, „მაგრამ იქიდან რაც მოვისმინე და რა ვიდეო კადრებიც ვნახე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იყო მომენტები, როცა პოლიცია დაიჯაბნა“ ხალხის დიდი რაოდენობის მიერ.
მისი თქმით, რომ არა პოლიცია, შესაძლოა გაცილებით უარესი შედეგები დამდგარიყო.
„პირადად ჩემი რეაქცია არის ის, რომ არ იქნება სამართლიანი ძირითადი ბრალი პოლიციას დაედოს ამ სიტუაციაში. პრობლემა უფრო კონტრდემონსტრანტებში იყო და ასევე მათშიც, ვინც ამ დემონტრანტებს აქეზებდა“, – განაცხადა ჰამარბერგმა.
რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გააკრიტიკა პოლიციის წარუმატებლობა ძალადობის აღკვეთაში. მათივე შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებული იყო უფრო მეტად ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე.
„საქართველოს უარყოფითი იმიჯი, რომელიც 17 მაისს აქ ქუჩებში მომხდარმა გამოიწვია სახეზეა, მაგრამ მე მექნება შესაძლებლობა გარე სამყაროს ვუთხრა, რომ პოზიტიური ძვრებიც არის ასევე ამ ქვეყანაში, სადაც ძალიან რთული საკითხების განხილვა დემოკრატიული სულისკვეთებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ჰამარბერგმა მხედველობაში ჰქონდა რა მიმდინარე საჯარო დისკუსიები შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე, ასევე ნაბიჯები, რომელიც უკავშირდება სამართალდამცავების მხრიდან უკანონო თვალთვალის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას და ინიციატივა, რომელიც მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნას ისახავს მიზნად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)