მოქალაქეთა ონლაინ პეტიციას, რომელიც 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ყველა მოძალადის და ძალადობის წამქეზებლის კანონის მოთხოვნის შესაბამისად დასჯისკენ მოუწოდებს, 19 მაისს ხელმოწერების დაწყებიდან სამი დღის განმავლობაში 12 200-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ხელმოწერების რაოდენობა მატულობს, უჩვეულოდ მაღალი აქტივობის მაჩვენებელია საქართველოში აქამდე არსებულ პეტიციებთან შედარებით.
პეტიციაში, რომლის ადრესატებიც არიან პრეზიდენტი სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ნათქვამია, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციაზე თავდასხმა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისა და მათი მომხრეების მხრიდან, იყო „გალაშქრება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაც“.
„ამ ქმედებით ექსტრემისტულმა ჯგუფმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა – დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საფუძველი“, – ნათქვამია პეტიციაში, სადაც ასევე ჩამოთვლილია სისხლის სამართლის ცხრა მუხლი, რომლებიც ხელმომწერთა აზრით, 17 მაისს განვითარებული მოვლენების დროს დაირღვა, მათ შორისაა, ხულიგნობა, ძალადობა, პოლიციელზე თავდასხმა, სახალხო დამცველზე ზემოქმედება, სიტყვის თავისუფლების, შეკრების უფლების, ასევე ადამიანთა თანასწორობის ხელყოფა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.
პეტიცია ასევე მიუთითებს შარშან სისხლის სამართლის კოდექსში შესულ შეწორებაზე, რომლის მიხედვითაც, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დანაშაულის ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.
პეტიციაში ასევე ნათქვამია, რომ არსებულ ფოტო და ვიდეო მასალებში დაფიქსირებულია, თუ როგორც არღვევენ სასულიერო პირები პოლიციის კორდონს და როგორც ეხსნება გზა „აგრესიულ მასას“ თავისუფლების მოედნისკენ, სადაც ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ.
„მათი [სასულიერო პირების] ზოგადი ჩართულობა, ჟესტიკულაცია, რეპლიკები და განცხადებები დემონსტრანტებს აგრესიისა და ძალადობისკენ უბიძგებს“, – ნათქვამია პეტიციაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „უმოქმედობა შესაძლოა მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე“.
„ამის თავიდან აცილება ერთადერთი, ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი – ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს“, – ნათქვამია პეტიციაში.
პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა 21 მაისს განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და მართალია „მყისიერი შედეგი“ ჯერ არ დამდგარა, მაგრამ არც საკმარისი დრო არ არის გასული იმისთვის, რომ „საზოგადოების შფოთვა გამოიწვიოს“.
მისი თქმით, მთავრობის პოზიციაა, რომ „კანონის დარღვევის ფაქტზე ყველამ უნდა აგოს პასუხი ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ იქნება სასულიერო პირი. კანონის წინაშე ყველანი ჩვენ თანასწორნი ვართ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)