თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ–მინისტრს და ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს მის წინააღმდეგ 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდების გამო წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს ამ ახალი გადაწყვეტილების გარეშეც ვანო მერაბიშვილი უკვე იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში ორ ცალკე ეპიზოდთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების გამო, რომლებიც არ უკავშირდება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას, მერაბიშვილმა სპეცრაზმს დაავალა, რომ 26 მაისს შუაღამის შემდეგ ძალადობრივად, გადაჭარბებული ძალის გამოყენებით, დაეშალათ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქცია, რომელსაც ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უძღვებოდა, რათა „დაესაჯათ“ მომიტინგეები.
მერაბიშვილი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეს პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური დევნის ნაწილია; 30 მაისის სასამართლოს სხდომაზე მან ივანიშვილს „რუსი ოლიგარქი“ უწოდა, რომელსაც „საქართველოს ყიდვა სურს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)