საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბრიუსელში იმყოფება, სადაც 5 ივნისს ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართება თავდაცვის მინისტრების დონეზე.
შეხვედრა ნატოს ორდღიანი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 4 ივნისს გაიხსნება და რომლის მთავარი თემებიც ავღანეთის საერთაშორისო მისია და კიბერუსაფრთხოება იქნება.
ალასანია ასევე მიიღებს მონაწილეობას ISAF-ში მონაწილე ალიანსის არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში 5 ივნისს.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ 3 ივნისს თბილისში მოლაპარაკებები გამართა, ივნისის ბოლოს ჩრილოეთ ატლანტიკური საბჭოს და ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ.
ეს უკვე ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს ელჩების მესამე ვიზიტი იქნება საქართველოში. პირველი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში გაიმართა, როდესაც ნატო–საქართველოს კომისიას ჩაეყარა საფუძველი, ხოლო მეორედ ჩრდილოეთ ატრანტიკური საბჭოს წარმომადგენლები საქართველოში 2011 წლის ნოემბერში ჩამოვიდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)