საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში ჩავიდა, მას შემდეგ, რაც ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ქართულ ბაზასთან სატვირთო მანქანის აფეთქებას შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ- მინისტრთან შეთანხმებით, რომ შეეწყვიტა ვიზიტი ბელგიაში, სადაც ჩატარდა ნატოს მინისტერიალი და იყო ორმხრივი შეხვედრები ნატო წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებთან, და გამგზავრებულიყო ავღანეთში“, – განუცხადა თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა „რუსთავი 2“-ს.
მისი თქმით, ალასანია უკვე შეხვდა თავის ავღანელ კოლეგას ბისმილა ხან მოჰამადის.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრი ადგილზე შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტიგენტის მეთაურებს, შესაბამისად ISAF-ის მისიის ხელმძღვანელობასაც და შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირადად მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქართველი სამხედროების გადმოსვენებაში“, – განაცხადა ავალიანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)