ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში 6 ივნისს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად გარდაცვლილი შვიდი ქართველი ჯარისკაცი კვირას დილით აშშ–ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით სამშობლოში ჩამოასვენეს.
იმავე თვითმფრინავით დაბრუნდა საქართველოში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც ავღანეთში 6 ივნისის თავდასხმის შემდეგ ჩავიდა.
დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, პრეზიდენტი სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მთავრობის რამდენიმე წევრი, ასევე უცხოური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თბილისის აეროპორტში დაღუპული სამხედროების ჩამოსვენებას დაესწრნენ.
მოგვიანებით საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დაღუპული ქართველი სამხედროების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
6 ივნისის თავდასხმის დროს ცხრა ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა; შვიდი მათგანი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ხოლო ორი გერმანიაში გაამგზავრეს შემდგომი მკურნალობისთვის, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ამ ბოლო თავდასხმის შედეგად ISAF-ის მისიაში დაღუპული ქართველი სამხედროების რაოდენობა 29–მდე გაიზარდა; ავღანეთში სულ ცოტა 120 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)