Site icon Civil.ge

პუტინი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერმა პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს საქართველოსთან „ურთიერთობების სრული მასშტაბით აღდგენა“ სურს და ორი ქვეყნის უშიშროების სამსახურებს შორის დანაშაულის და ტერორიზმის  წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების ხელშეწყობის მიზნით.

11 ივნისს სახელმწიფო ინგლისურენოვან ტელეკომპანია Russia Today–ისთან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ მას ვერ წარმოუდგენია რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილების შეცვლა; მან ასევე განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვისაც „წითელ ხაზს“ წარმოადგენს და დასძინა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს „იმ ადამიანთა ინტერესების პატივისცემის საფუძველზე, რომლებიც ცხოვრობენ მთელ ამ ტერიტორიაზე“. 

„მიმაჩნია, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილმა] დაუშვა დიდი შეცდომა. ჩვენ მასთან არაერთხელ გვილაპარაკია ამის შესახებ და ვფიქრობ, რომ ის არ უარყოფს ამას. მე მას ვეუბნებოდი: „მიხეილ ნიკოლაევიჩ, ყველაფერი რაც გნებავთ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ სისხლისღვრამდე“. და ის მე სულ მეუბნებოდა: „კი,კი, არავითარ შემთხვევაში, ჩვენ ვიმუშავებთ, მოვიკრებთ მოთმინებას, ვიმუშავებთ აფხაზეთთანაც, სამხრეთ ოსეთთანაც“. მაგრამ ყველაფერი, სამწუხაროდ, ომით დამთავრდა“, – განაცხადა პუტინმა. 

მისი თქმით, ბევრი, "განსაკუთრებით საზღვარგარეთის ქვეყნებში, შტატებშიც და თავად საქართველოშიც ხშირად სდებენ ბრალს რუსეთს“.

„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის გასაგებია, რომ რუსეთი აქ არაფერ შუაშია. ეთნიკური კონფლიქტი გრძელდება უკვე ალბათ არა ათწლეულები, არამედ ასწლეულებით“, – განაცხადა მან, „საჭირო იყო მართლაც მოთმინება და სახელმწიფოებრივი სიბრძნე იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთთანაც და აფხაზეთთანაც ურთიერთობა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში დამყარებულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა“. 

„და როგორც რეაქცია მაშინ მომხდარ მოვლენებზე, რუსეთმა გააკეთა ის ნაბიჯი, რომელმაც მიიყვანა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

„მე ვერ წარმომიდგენია ნაბიჯი უკან, მე უბრალოდ ის ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა პუტინმა.

„მაგრამ ეს საქართველოსათვისაც გარკვეულწილად წითელი ხაზია, რომლის გადალახვაც საქართველოს ასევე არ შეუძლია. იმიტომ რომ ის იბრძვის, როგორც თავად საქართველო თვლის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს საკითხი საჭიროებს ძალიან ყურადღებით განხილვას და მე ვიტყოდი, არა მხოლოდ კომპეტენტურ გადაწყვეტას, არამედ სურვილს ეს საკითხი გადაწყდეს ადამიანთა ინტერესების პატივისცემის საფუძველზე, რომლებიც ცხოვრობენ მთელ ამ ტერიტორიაზე. თქვენ იცით, მე უფრო ზუსტად არ ვიტყვი. პატივისცემით რომ მივუდგეთ ყველა ადამიანის ინტერესებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიებზე, და ამ მიდგომის საფუძველზე მოინახოს გადაწყვეტილება, მაშინ ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი. მაგრამ ეს შეუძლიათ გააკეთონ მხოლოდ ადამიანებმა, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რაიმე გადაწყვეტის გარედან თავს მოხვევის გარეშე“, – განაცხადა პუტინმა.

იგი მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის თაობაზე.  "ალბათ შენიშნეთ, რომ ვპასუხობთ მათ იგივეთი“, – განაცხადა მან.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. 

„ჩვენ საერთოდ მზად ვართ საქართველოსთან თანამშრობლობისთვის. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა, ჩვენ ძალიან თბილად ვეკიდებით საქართველოს.  ჩვენ ძალიან ახლო ხალხი ვართ ქართველებთან“, – განაცხადა პუტინმა, „მე შევხვდი კათოლიკოსს [საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს]… ის ძალიან კეთილი ადამიანია და ნამდვილი ქართველია, რა თქმა უნდა. გესმით, არ ყოფილა წამი, როცა ის არ საუბრობდა ქართველი ხალხის ინტერესებზე. თან ისე ბრძნულად, რბილად, წყნარად“.

„იცით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვებაზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს შეიძლება არ იყოს საკვანძო საკითხი, მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისთვის. ჩვენ კვლავაც ვიმოქმედებთ ამ მიმართულებით. განვავითარებთ ურთიერთობებს, ხოლო ეს ყველაზე რთული საკითხები, რა თქმა უნდა, უნდა გადაწყვიტონ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლების ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, დიალოგით და გარედან ყველანაირი ზეწოლის გარეშე“, – განაცხადა პუტინმა. 

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოიხსნას, პუტინმა უპასუხა: „თუ ჩვენ მართლაც ერთობლივად ვიმუშავებთ დანაშაულთან, ტერორთან ბრძოლაში, მაშინ ეს შესაძლებელია“.

„მე თქვენ ალბათ დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, თქვენ ალბათ იცით, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ჩვენთან კავკასიაში მუდმივად აღწევენ, აღწევდნენ ტერორისტული ელემენტები“, – განაცხადა პუტინმა.

„ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, გვსურს ვიმუშაოთ საქართველოსთან, გვინდა ურთიერთობების სრული მასშტაბით აღდგენა. და ვიმეორებ, რომ თუ ჩვენ შევძლებთ ამგვარი მუშაობის აწყობას სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური სამსახურების სფეროში – ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რათა აღვადგინოთ უვიზო რეჟიმი“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)