მთავრობა საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების გაზრდას გეგმავს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და მთავრობამ მხარი დაუჭირა, თავდაცვის მინისტრმა 13 ივნისს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, „სიმბოლურია“, რომ დროში დაემთხვა იმ შვიდი ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვის დღეს, რომლებიც ავღანეთში 6 ივნისს მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლნენ.
ალასანიას განცხადებით, ყველა იმ გმირის ოჯახი, რომლებიც საქართველოს შეეწირნენ დაწყებული 90-იან წლებში მომხდარი კონფლიქტებიდან და დასრულებული მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებით, ყოველთვიურად 1000 ლარს მიიღებენ. ეს ინიციატივა ორ ეტაპად განხორციელდება – დაიწყება 2014 წელს და დასრულდება 2015-ში, განაცხადა მან.
ამასთან, ცვლილებები შევა ასევე სამხედრო მოსამსახურის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი ერთჯერადად 100 000 ლარს მიიღებს, დღეს დადგენილი 15 000 ლარის ნაცვლად.
„ჯარისკაცი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს, სამშობლომ უნდა დაიცვას მისი ოჯახი“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ "ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენ სამშობლოს ბოლომდე უერთგულა".
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)