უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც განათლების სამინისტრომ მოამზადა და რომლითაც პრემიერ–მინისტრს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორების მოვალეობის დროებით შემსრულებლების დანიშვნის უფლება ექნება, ძლიერი წინააღმდეგობა მოყვა ზოგიერთი უნივერსიტეტის აკადემიური წრეებისა და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან.
ამ ინიციატივის წინააღმდეგ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრიც კი გამოვიდა.
სხვა საკითხებთან ერთად, ინიცირებული კანონპროექტი პრემიერ–მინისტრს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებას ანიჭებს ახალი რექტორის არჩევამდე; რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა პრემიერ–მინისტრს განათლების სამინისტრომ უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.
ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს დებულება საშუალებას მისცემს მთავრობას, რომ უნივერსიტეტების აკადემიურ დამოუკიდებლობაში ჩაერიოს და მნიშვნელოვნად შეზღუდოს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია.
არსებული კანონმდებლობით, რექტორის გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ნიშნავს ახალი რექტორის არჩევამდე.
კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 12 ივნისს მიიღო. თუმცა, სულ ცოტა 12 დეპუტატმა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობიდან, ძირითადად რესპუბლიკური პარტიიდან, უარი თქვეს მის მხარდაჭერაზე; კანონპროექტს ასევე არ მისცა ხმა რამდენიმე დეპუტატმა ივანიშვილის პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მათ შორის ელისო ჩაფიძემ და გედევან ფოფხაძემ.
დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა, ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელებიდან განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დროებითი ხელმძღვანელის დანიშვნის უფლების მინიჭება „პრინციპულად მიუღებელია“.
მისი თქმით, არ მიაჩნია მართებულად, თუნდაც დროებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვა.
14 ივნისს განათლების სამინისტროს წინ სტუდენტების და ლექტორების ჯგუფმა, ძირითადად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური თანამდებობების ზოგიერთ ახალ კრიტერიუმებს, რომლის თანახმადაც დოქტორანტები ვეღარ შეძლებენ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავებას; ზოგიერთი ოპონენტი აცხადებს, რომ ეს დებულება ამჟამად არსებულ იმ უფრო მოქნილ სისტემას გააუქმებს, რომელიც, მათი თქმით, ამ ეტაპზე უფრო შესაფერისია საქართველოს განათლების სისტემის განვითარების.
სხვა ცვლილებების თანახმად, კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, მოითხოვს, რომ რექტორს დოქტორის ან ექვივალენტური აკადემიური ხარისხი ჰქონდეს – არსებული კანონი ამას არ ითვალისწინებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც 2008–2010 წლებში ჯანდაცვის მინისტრი იყო, კანონპროექტის ინიცირების შემდეგ გადადგა. კვიტაშვილს, რომლის თსუ–ს რექტორად არჩევაც 2010 წელს პოლიტიკურ ნაბიჯად განიხილებოდა ოპონენტების მიერ, დოქტორის ხარისხი არ აქვს; შესაბამისად, იგი ვეღარ იქნება უნივერსიტეტის რექტორი მას შემდეგ, რაც კანონი ძალაში შევა. თსუ–ს 12–წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ კვიტაშვილს რექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება მიანიჭა იქამდე, ვიდრე აგვისტოში ახალ რექტორს აირჩევს. ამ ნაბიჯით, კვიტაშვილმა და თსუ–ს აკადემიურმა საბჭომ ფაქტიურად დაასწრეს კანონპროექტის იმ დებულებას, რომელიც ძალაში შესვლის შემთხვევაში, უფლებას მისცემდა პრემიერ–მინისტრს თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაენიშნა, ხოლო ახალი რექტორის არჩევნები პრემიერ–მინისტრის მიერ დანიშნული რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებულიყო.
კანონპროექტი სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური და აღმასრულებელი პერსონალისთვის ხელფასების ზედა ზღვარის დადგენის სქემასაც სთავაზობს. კანონპროექტის ზოგიერთი ოპონენტი აცხადებს, რომ არასწორია, რომ ამგვარ საკითხებს უნივერსიტეტებში სახელმწიფო განსაზღვრავდეს, სხვები კი აცხადებენ, რომ შემოთავაზებულ სქემას უნივერსიტეტების ზოგიერთ თანამდებობაზე შესაძლოა ხელფასების შემცირება მოყვეს.
კანონპროექტის სწრაფად მისაღებად მთავრობამ პარლამენტს მისი დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართა. პარლამენტი, რომელმაც პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, მეორე და მესამე მოსმენით მის განხილვას პარასკევს გეგმავს. თუმცა, დიდი ალბათობით, დღის წესრიგის საკითხთა სიმრავლის გამო, დეპუტატები მის განხილვას 14 ივნისის სხდომაზე ვეღარ მოასწრებენ.
ოპონენტები აცხადებენ, რომ კანონპროექტი დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო წინასწარი განხილვების გარეშე იქნა წარმოდგენილი და მოუწოდებენ პარლამენტს და განათლების სამინისტროს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ აკადემიურ წრეებთან და უნივერსიტეტებთან დისკუსიებში, სანამ მისი მიღება მოხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)