Site icon Civil.ge

ადვოკატი: მერაბიშვილი შიმშილობს, ითხოვს ტელევიზორს

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც რამდენიმე ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საკანში ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო, განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა 17 ივნისს.

მერაბიშვილი ასევე ითხოვს ხელისუფლებისგან, ნებართვა გასცენ იმაზე, რომ მისმა ოჯახის წევრებმა მის პირად საბანკო ანგარიშზე ფულის განკარგვა შეძლონ, განაცხადა ადვოკატმა.

„ამ პერიოდში ჩვენ ვერც უარი მივიღეთ და ვერც დადებითი პასუხი. და შესაბამისად ბატონმა მერაბიშვილმა მიმართა ყველაზე მკაცრ ზომას და დაიწყო შიმშილობა“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

ჩივიაშვილმა ეს განცხადება თბილისში აკრედიტებული უცხოური დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე გააკეთა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მერაბიშვილმა ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. „დანარჩენ [საპატიმროში მყოფ] პირებსაც როცა ექნებათ ტელევიზორი, მაშინ შეუტანენ მერაბიშვილსაც ტელევიზორს,“ – განუცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ Civil.ge-ს.

კანონის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს ადმინისტრაციის თანხმობით, დაწესებულების ტიპით გათვალისწინებული შეზღუდვების შესაბამისად, შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენება არ არღვევს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების მოთხოვნებს და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. მან აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით ან მიიღოს ახლო ნათესავისაგან.  

17 ივნისს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაგმეს მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება და განაცხადეს, რომ მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის „პირადი პატიმარია“.

ივნისის დასაწყისში, როდესაც ევროპარლამენტის წევრები საქართველოს სტუმრობდნენ, დელეგაციის ერთმა წევრმა, პოლონელმა დეპუტატმა კრჟიშტოფ ლისეკმა მერაბიშვილი საპატიმროში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ლისეკმა განაცხადა, რომ მერაბიშვილის პირობები საკანში „დამაკმაყოფილებელია“. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მერაბიშვილი მიმდინარე ახალი ამბების ნაკლებობას განიცდის და მას ოჯახის წევრები ენატრება და დასძინა, რომ იუსტიციის მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრმა აცნობეს, რომ მერაბიშვილს უფლება აქვს წერილობით მოითხოვოს ტელევიზორი და ხანმოკლე პაემანი ოჯახის წევრებთან. „ვიმედოვნებ, რომ პასუხი დადებითი იქნება“, – დასძინა ლისეკმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)