პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 23 ივნისს, რომ იარაღის სამალავები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, სამეგრელოს რეგიონში იქნა აღმოჩენილი, ის საიდუმლო საწყობები იყო, რომლებიც მისი მითითებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის განახლების შემთხვევაში თავდაცვის მიზნით შეიქმნა.
„ჩვენ გავაკეთეთ იარაღის საწყობები, ეს იყო ჩემი დავალება, მთელ საქართველოში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ… ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით ისეთი დაუცველი, როგორც ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო 2008 წელს – მიუხედავად ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობისა“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს გორში, სადაც მან ღვინის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
„ამიტომ, თავისთავად იარაღის საწყობები რომ კეთდებოდა, ამაში არაფერი ახალი არც ჩემთვის, არც ახალი მთავრობისთვის, არც თავდაცვის სამინისტროსთვის არ არის“, – დასძინა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 17 ივნისს, რომ სამეგრელოში აღმოჩენილია „ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით“ მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილი იარაღის სამალავები. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „სამალავების მიკვლევისა და დროული განეიტრალების შედეგად თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებით მძიმე და საშიში დანაშაულები“.
მას შემდეგ, რაც შსს–მ იარაღის სამალავის შესახებ გააკეთა განცხადება, რამდენიმე დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ ეს თავდაცვის სამინისტროს იარაღის საიდუმლო საწყობი იყო. თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უარყვეს ეს და განაცხადეს, რომ სამალავში აღმოჩენილი იარაღი დაურეგისტრირებელი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან ერთად, სამალავებში ასევე ნანახი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ "ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი“.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 21 ივნისს, რომ სამეგრელოს რეგიონში კიდევ ერთი იარაღის სამალავი იქნა აღმოჩენილი ვიდეოფირებთან ერთად; მისი თქმით, სამინისტრო ახალი სამალავის დეტალებს ორშაბათს გაავრცელებს.
იარაღის საწყობებზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა 23 ივნისს, რომ იგი ეჭვობს, რომ ეს ვიდეოფირები იარაღთან ერთად იქნა აღმოჩენილი. „იარაღის საწყობში ვიდეოკადრები რომ არ იყო, მე მგონი, ყველა ვხვდებით“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ადრინდელი განცხადება წამების ვიდეოების შესახებ და განაცხადა, რომ ის პირები, ვინც დაკავებულთა არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდნენ, მკაცრად უნდა დაისაჯონ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ცალკეული შემთხვევები იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)