26-27 ივნისს მთავრობის მოწვევით საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით, რაც ალიანსის ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მესამე ვიზიტი იქნება ქვეყანაში.
ვიზიტის პირველ დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც ნატოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნება. მანამდე დაგეგმილია რასმუსენისა და ივანიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის მეორე დღეს ჩრდილოატრანტიკური საბჭო პრეზიდენტ სააკაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და დეპუტატებს შეხვდება უმრავლესობიდან და უმცირესობიდან.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან. 27 ივნისს დაგეგმილია ასევე ანდერს ფოგ რასმუსენის არაფორმალური სამუშაო სადილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან.
27 ივნისს ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრაზე, ხოლო მოგვიანებით მონაწილეობას მიიღებს სამხედრო ცერემონიაში იმ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიას უახლოეს მომავალში შეუერთდებიან.
ამასთან, ხუთშაბათს იგეგმება ნატო-ს ელჩების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უმცირესობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს საქართველო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკვე მესამედ უმასპინძლებს, რაც თბილისის განცხადებით, ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ინტენსივობისა და წარმატებული თანამშრომლობის დასტურია.
უკანასკნელად საბჭო თბილისს 2011 წლის ნოემბერში სტუმრობდა, ხოლო პირველი ამგვარი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში შედგა, რომლის დროსაც ნატო–საქართველოს კომისიას ჩაეყარა საფუძველი, რაც ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)