პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტო დაადო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე ორ კანონპროექტს იმ მოტივით, რომ ამ ცვლილებების ცალკეული დებულებები „ამცირებს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობას.
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგებოდა, 31 მაისს დაამტკიცა.
ქართული ოცნების ეს ინიციატივა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების ავტორობით შეიქმნა, ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს, აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას, სავალდებულო ტრანზიტის ე.წ. “Must carry”-ისა და “Must offer”-ის დაკანონებას და ტელევიზიების მეტი ფინანსური გამჭირვალობის უზრუნველყოფას.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 25 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკავშირდება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება პარლამენტის უფლებას დაითხოვოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცალკეული მეურვეები ან მთლიანად საბჭო.
„კანონპროექტის აღნიშნული დებულებები არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მის წევრთა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან დამოუკიდებლობას და ქმნის პოლიტიკური მოტივაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხეს“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)