Site icon Civil.ge

ფინანსურმა პოლიციამ თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აიყვანა და შემდეგ გაათავისუფლა

თბილისის მუნიციპალიტეტის სულ ცოტა 23 წარმომადგენელი, მათ შორის საკრებულოს ორი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, იქნა დღეს დილით აყვანილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ და შემდეგ გათავისუფლებული, რასაც ნაციონალური მოძრაობა ოპონენტებზე ზეწოლის კამპანიას უკავშირებს.

დაკავებულთა შორის იყვნენ თბილისის მერი ორი მოადგილე, დავით ალავიძე და დავით ნინიძე; გლდანის რაიონის გამგებელი და გამგებლების რამდენიმე მოადგილე; თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი; ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი და წევრი ვახტანგ ცაგარეიშვილი – ორივე ნაციონალური მოძრაობიდან.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისის მერიის და გამგეობების თანამშრომლები „მოწმის სახით დაიკითხნენ“ სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც "მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება – გაფლანგვას" უკავშირდება. „აღნიშნული პირები დაბარებულები იყვნენ  დაკითხვაზე, რის შემდეგაც მათ დატოვეს საგამოძიებო სამსახური“, – აღნიშნა საგამოძიებო სამსახურმა მოკლე განცხადებაში.

თუმცა, თბილისის მერიის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ბორკილები დაადეს და თავდაპირველად უთხრეს, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ. საკრებულოს წევრმა მამუკა ახვლედიანმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მას დღეს დილით სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გზა გადაუკეტეს, თავიანთ მანქანაში გადასვეს და უთხრეს, რომ დაპატიმრებული იყო, რის შემდეგაც ის გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში ატარეს, შემდეგ ხელბორკილები მოხსნეს, ბოდიში გადაუხადეს და გაუშვეს.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია,  მომხდარი მის თანაგუნდელებზე „პირდაპირ ნადირობად“ შეაფასა და განაცხადა, რომ დაკავებულთა „ნაწილზე მოასწრეს ბრალის წაყენება და შემდეგ ეს დოკუმენტაცია დაიხა იმისათვის, რომ გადაეკეთებინათ თითქოს ეს ხალხი მოწმედ იყო მიყვანილი“

„იმის გამო, რომ ვიღაცა რეკავს ზემოდან, იმის გამო, რომ მე პირადად განგაშის ზარი შემოვცხე და  დღევანდელი ხელისუფლების ბევრ მაღალჩინოსანთან მქონდა საკმაოდ მწარე საუბარი და მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს რასმუსენი თბილისში იმყოფება და არა იმის გამო, რომ კანონის უზენაესობას უნდა ვცეთ პატივი, ხდება ბრალის გადაყენება და თითქოს ეს ხალხი მოწმის სახით იყო დაბარებული“, – განაცხადა უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე.  

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ მოხდეს ბოლომდე დაშანტაჟება და განადგურება ნაციონალური მოძრაობის პარტიული ინფრასტრუქტურის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოხდეს ამ ხალხის დაშინება, რომ წინასაარჩევნოდ და მოგეხსენებათ რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია, ამ ხალხმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ნება… ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ოპონენტები განადგურდეს საქართველოში უკლებლივ ყველა დონეზე, აქ იგულისხმება პარლამენტი, თბილისის თვითმმართველობა და სხვა ე.წ. დაუმორჩილებელი თვითმმართველობები“, – განაცხადა თბილისის მერმა. 

მისი თქმით, უკანონო დაკავებების ფაქტი მთავარ პროკურატურაში გასაჩივრდება, რათა მოხდეს გამოძიება.
"იმედი მაქვს მალე მივიღებთ პასუხს რა მოხდა დღეს", – დასძინა უგულავამ.  

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ოპოზიციაზე ასეთი მასშტაბის შეტევა არის უაღრესად ცუდი ნიშანი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც აქ იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი და მაშინ როდესაც მთელი აქცენტი ჩვენი თუ ნატოელი მეგობრების არის იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, სადაც ოპოზიციას ექნება მუშაობის და განვითარების საშუალება“.

„ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად საგანგაშო და ცუდი ნიშანი და ველოდები, რომ ეს პრობლემა გადაწყდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვიქნებით მივიღოთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ის რაც ხდება პრაქტიკულად არის პირდაპირი შეტევა პარტიის ინფრასტრუქტურის დანგრევის და მოშლის მიზნით“, – განაცხადა ბაქრაძემ იმ დროს, როდესაც თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ფინანსურ პოლიციაში იმყოფებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)