Site icon Civil.ge

საქსტატი მაისში მშპ–ის ნულოვან ზრდაზე იუწყება

„საქსტატის“ მიერ 28 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს მშპ–ს რეალურმა ზრდამ მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ნული პროცენტი შეადგინა მას შემდეგ, რაც აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5%–იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამავე ინფორმაციით, 2013 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 2.4% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – ეს მაჩვენებელი უკვე მესამედ გადაიხედა თავდაპირველად დაფიქსირებული 1.7%–დან და შემდეგ ნაჩვენები 1.9%-დან. 

თავის სატელევიზიო განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა 29 ივნისს, რომ მაისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საქართველოს ეკონომიკის კატასტროფულ მდგომარეობაზე მიანიშნებს; მან ამის მიზეზად მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება დაასახელა. მისი თქმით, ეს სიტუაცია ასევე განაპირობა საქართველოს „საერთაშორისო რეპუტაციის მკვეთრმა გაუარესებამ“, ასევე შრომის კოდექსში მიღებულმა ცვლილებებმა. 

„თუ საქართველოს ეკონომიკამ გააგრძელა ჩამოშლა იმ ტემპით, რომლითაც ის სამწუხაროდ ამას ახდენს, ეს უკვე გახდება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ძალიან ადვილი ლუკმა გავხდებით საქართველოს არაკეთილმოსურნეების“, – განაცხადა მან და მთავრობას „გამოფხიზლებისკენ“ და პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა. მან მზადყოფნა გამოთქვა დეტალურად გაიაროს ეს საკითხები მთავრობასთან დიალოგის მეშვეობით. 

სააკაშვილმა ასევე განაცხადა: „მე მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ამ ყველაფრის კვალდაკვალ, ახლა არის ის დრო, როცა მასშტაბურად ჩადოს თუნდაც თავისი პირადი ფული ეკონომიკაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)