ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც სტამბოლში გაიმართა, 3 ივლისს დასკვნითი დეკლარაცია მიიღო, რომელიც სხვადასხვა თემაზე 28 შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციას აერთიანებს, აქედან ორ რეზოლუციაში საქართველოზეც არის საუბარი, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებას, ხოლო მეორე დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ეხება.
რეზოლუციაში, რომელიც დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ეხება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, თუმცა „შეშფოთებას“ გამოხატავს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა „მიესალმება ბოლოდროინდელ საკონსტიტუციო ცვლილებებს და საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, რომლის მიზანია უზრუნველყოს უკეთესი ბალანსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის და გააძლიეროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა“.
ის ასევე მიესალმება „ხელისუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემას არჩევნების გზით, ხაზს უსვამს კანონის უზენაესობის მნიშვნელობას“ და „მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს შერჩევითი სამართლის გამოყენებისგან და შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავების გამო“.
ცალკე რეზოლუციაში, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება და რომელიც ასევე სტამბოლის დეკლარაციის ნაწილია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს, რომ დაიწყოს „საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესი და რეკომენდაციას იძლევა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მექანიზმებზე შეთანხმება მოხდეს“.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს და მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის მოლაპარაკებებს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო; ასამბლეა ასევე „მიესალმება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების კლებას“ ადგილზე.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა „კატეგორიულად მოუწოდებს“ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს აღადგინოს თავისი მისია საქართველოში „რომელსაც წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა დაევალება“.
ასამბლეა ეუთოს საპარლამენტო სტრუქტურაა, რომელიც ორგანიზაციის 57 წევრი სახელმწიფოდან 320 დეპუტატს აერთიანებს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც სტამბოლში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა, მიესალმა იმ ფაქტს, რომ დასკვნით დეკლარაციაში შევიდა მოწოდება ქართული ტერიტორიების „დეოკუპაციის“და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის თაობაზე.
დეკლარაციის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „ეს არის სრულიად ბუნებრივი. ნებისმიერი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თუ აღმოჩნდება ციხეში, ყველა დანარჩენს გაგვიჩნდება კითხვა: რა ხდება. და ეს არის კითხვა მხოლოდ და მხოლოდ დასმული იმ ჩანაწერებში, რომელიც კომიტეტმა მიიღო, რომ წინასწარი დაკავება რამდენად აუცილებელი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის და [ნაციონალური მოძრაობის] მოქმედი გენერალური მდივნის. ამ საკითხებზე კითხვები არის სავსებით ნორმალური; ადვილად პროგნოზირებადია, რომ ეს კითხვები იქნება და ყველა დაინტერესებული მხარე იღებს ამომწურავ პასუხს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ყველაზე უფრო ამომწურავი პასუხი ეს იქნება სასამართლოს ვერდიქტი, რომელსაც უნდა დაველოდოთ ყველა, ვინც, ამ შემთხვევაში, ღელავს თუ რატომაა წინასწარი დაკავების ადგილებში ბატონი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ისიც, ვინც თვლის, რომ დიახაც უნდა იყოს. მოდით შევთანხმდეთ, რომ ეს არც ჩვენი, ქართველი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, არც ევროპელი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)