Site icon Civil.ge

პოლიცია აცხადებს, რომ 116 კგ ჰეროინი ამოიღო



კადრი პოლიციის ვიდეოდან, სადაც ჩანს თუ როგორ იღებენ პოლიციელები სათვირთო ავტომანქანიდან, როგორც შსს აცხადებს, ჰეროინის შეკვრებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის დროს 116 კილოგრამი ჰეროინი იქნა აღმოჩენილი, რის გამოც ორი უცხოელი მოქალაქე იქნა დაკავებული. ეს ნარკოტიკების ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი პარტიაა, რაც კი ოდესმე დაუკავებიათ საქართველოში. 

შსს–ს ინფორმაციით, 500 გრამიან შეკვრებად დაფასოებული 232 ერთეული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც „რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია“, მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანის ძარაზე დამონტაჟებულ სპეციალურ სამალავებში იყო მოთავსებული. სატვირთო მანქანა საქართველოს ტერიტორიაზე 3 ივლისს საქართველო–სომხეთის საზღვარზე მდებარე ნინოწმინდის საბაჟო–გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. 

შსს–მ ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ იღებენ პოლიციის თანამშრომლები ნარკოტიკული საშუალების შეკვრებს სპეციალური სამალავებიდან.

დაკავებისას თურქეთის მოქალაქე მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანას მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართავდა. მას თან ახლდა მოლდოვის მოქალაქე. შსს–ს ინფორმაციით, ორივე მათგანი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნარკოტიკები „საერთაშორისო გადაზიდვისათვის“ იყო განკუთვნილი.

„საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშის თანახმად, რომელიც 2012 წლის მოვლენებს ასახავს, საქართველო „ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაა“ სხვა ქვეყანაში წარმოებული უკანონო ნარკოტიკებისთვის.

ანგარიშის თანახმად, ნარკოტრანზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი ავღანეთიდან და ირანიდან მოდის აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპის, თურქეთისა და რუსეთისკენ.

„ხანდახან ამ მარშრუტით ნარკოტიკები გადააქვთ საერთაშორისო სატრანზიტო რეისების განმახორციელებელ სატვირთო მანქანებს, რომლებიც საქართველოს გავლით შავი ზღვის საბორნე გადასასვლელებით უკრაინაში, მოლდოვასა ან ბულგარეთში მიმართებიან“,  – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ირანიდან თურქეთში საქართველოს გავლით ჰეროინის კონტრაბანდის ერთ–ერთ საშუალებას სამგზავრო ავტომობილებში არსებული საიდუმლო სამალავები წარმოადგენს. ამ ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი დასავლეთ ევროპაა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს საზღვრებზე აქცენტი კეთდება „ვაჭრობის ხელშეწყობაზე და ნაკლები ყურადღება ექცევა კონტროლს და შემოწმებას“. 

„შედეგად, საზღვარზე ნარკოტიკების ამოღება მნიშვნელოვნად განსხვავდება წლიდან წლამდე და არ იძლევა სანდო მაჩვენებელს იმ კონტრაბანდული საქონლის მოცულობის შესახებ, რომელიც ქვეყნის გავლით მოძრაობს," ნათქვამია ანგარიშში და იქვე აღნიშნულია რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2012 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში 100 გრამზე ნაკლები ჰეროინი იქნა ამოღებული, რაც ოდნავ ნაკლებია, ვიდრე 2011 წელს ამოღებული ჰეროინის ოდენობა.

2008 წლის დეკემბერში 375 კგ ჰეროინი იქნა ამოღებული ბურგარეთის ქალაქ ბურგასში, სადაც ეს ნარკოტიკული საშუალება ფოთის პორტიდან მოხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)