ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე შაბათს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდება.
შეხვედრას, რომელიც პრემიერ–მინისტრის კერძო რეზიდენციაში გაიმართება ურეკში, ასევე დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
„ვფიქრობ, ეს შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, – განუცხადა შაბათს ბაქრაძემ თბილისში ჟურნალისტებს ურეკში გამგზავრებამდე, „მე ვაპირებ ამ შეხვედრაზე დავაყენო ყველა ის საკითხი, რომელიც ჩემი შეფასებით და ჩვენი შეფასებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალისთვის. მე ასევე ველი, რომ პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დაყენებული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც მათი შეფასებით და მათი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ხელისუფლებისთვის“.
მან განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის „მწვავე“ პოლიტიკური სიტუაციის პირობებში, „არ არის ადვილი საწარმოებელი დიალოგი, მაგრამ მე ერთი წუთითაც არ მიყოყმანია“, შეხვედრაზე დათანხმების თვალსაზრისით.
„იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის და დასრულდება კონკრეტული პოზიციუტი შედეგებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 5 ივლისს, რომ შემოთავაზება ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან შეხვედრის გამართვის თაობაზე მიზნად ისახავს საკონსტიტუციო რეფორმის განხილვას, რომლის გატარებასაც კოალიცია ქართული ოცნება წლის განმავლობაში გეგმავს.
„უმრავლესობის მხრიდან მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუცია სამ ეტაპად გაუმჯობესდეს. პირველი ორი ეტაპი არის გადაუდებელი ცვლილებების შეტანის, ხოლო მესამე კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, როდესაც პარლამენტმა ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რის შედეგადაც პრეზიდენტს პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლებამოსილება ჩამოერთვა.
მეორე ეტაპი ამჟამად მიმდინარეობს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების საჯარო განხილვის ფარგლებში.
უსუფაშვილის თქმით, მესამე ეტაპი შეეხება საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც კონსტიტუციის რეფორმაზე იმსჯელებს.
„ეს კომისია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს რეფორმაზე, რათა საბოლოოდ, ჩვენ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელშიც ცვლილების განხორციელება წელიწადში რამდენჯერმე აღარ იქნება საჭირო და რომელიც თითოეული მოქალაქის ძირითადი კანონი იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)