საქართველოს ცალმხრივი გადაწყვეტილება ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას მოახდენს, განაცხადა ირანის პარლამენტის წევრმა მანსურ ჰაყიყათპურმა, იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ (Fars News Agency, FNA).
„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ასიამოვნოს თავის დასავლელ და ამერიკელ ბატონები, რათა მათგან სანაცვლოდ რაიმე სარგებელი ნახოს“, – განაცხადა დეპუტატმა ჰაყიყათპურმა, რომელიც პარლამენტის საგარეო საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
„მსგავსი საქციელის პრეცედენტები ყოფილა ირანი-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში მცირე რაოდენობით და ამას უარყოფითი გავლენა ექნება თეირანი–თბილისის ურთიერთობებზე“, – განაცხადა მან.
- პრემიერი ივანიშვილი ირანთან ურთიერთობებზე საუბრობს
- ირანული ბიზნეს ფორუმი საქართველოში
- საქართველომ ირანთან უვიზო რეჟიმი გააუქმა
- იუსტიციის მინისტრი: საქართველო მკაცრად ახორციელებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ
3 ივლისს ირანელმა დეპუტატმა ალადინ ბურუჯერდიმ, რომელიც პარლამენტის საგარეო საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა, ასევე გააკრიტიკა საქართველო უვიზო მიმოსვლის გაუქმების გამო და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „შეთანხმებაზე არსებულ საკუთარ ხელმოწერებს არ სცემს პატივს“.
საქართველომ და ირანმა შეთანხმებას 45–დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს.
შეთანხმება ძალაში 2011 წლის იანვრის ბოლოს შევიდა, რამაც ხელი შეუწყო ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას – თუ 2010 წელს ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 21 300 იყო, 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 89 600-ს გადააჭარბა.
საქართველომ 1 ივლისიდან ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)