Site icon Civil.ge

ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება შეწყვიტონ საპარლამენტო ბოიკოტი, რაც კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომის დღეს, 28 ივნისს გამოაცხადა თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

„ამ ბოიკოტის და პროტესტის ამოცანა იყო მიგვეპყრო მეტი საზოგადოებრივი ყურადღება ამ ფაქტის მიმართ და ეს ამოცანა ამ პროტესტმა შეასრულა და დღევანდელ ეტაპზე დგას კონკრეტული ამოცანები, არის კონკრეტული კანონები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში იყოს ოპოზიცია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა 8 ივლისს. 

მიმდინარე კვირაში პარლამენტი რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეიკრიბება, რათა განიხილოს ის საკითხები, რომელთა მიღებაც გეგმიური სესიების ფარგლებში ვერ მოხერხდა. წინასწარი დღის წესრიგის მიხედვით, ამ საკითხებს შორისაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები და უმაღლესი განათლების კანონში შესწორებები, რომელთა პირველი მოსმენით განხილვები ნაციონალური მოძრაობის მწვავე ოპონირების ფონზე წარიმართა.

ბოიკოტის შეწყვეტა ერთ-ერთი ის თემა იყო, რაც 6 ივლისს დავით ბაქრაძემ ურეკში პრემიერ-მინიტრ ბიძინა ივანიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის იზიარებდა ივანიშვილისა და უსუფაშვილს სურვილს ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან კონსულტაციების გზით იქნებოდა მიღებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)