აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 12 ივლისს მისი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საზოგადოების განწყობას ასახავს.
კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგებს ასახავს, ორგანიზაცია ორშაბათს გამოაქვეყნებს.
კვლევა 12-26 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 2 338 რესპონედენტის პირისპირ ინტერვიუს გზით ჩატარდა და მისი ცდომილების ზღვარი +/- 2.9 %-ს შეადგენს. NDI–ის კვლევას შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.
მარტში ჩატარებული ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, რესპოდენტების განწყობა ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის მიმართ შეცვლილია. მარტის მონაცემებთან შედარებით, 13 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 45% შეადგინა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, ვინც თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება; 13% თლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, ნაცვლად 8%-ისა, რომელთაც ამგვარი განწყობა ჰქონდათ მარტში.
კითხვაზე არის თუ არა საქართველოში ამჟამად დემოკრატია, რესპოდენტთა 38% დადებითად პასუხობს (მარტში 43%), ხოლო 46% პასუხობს „არა“-ს (მარტში 38%).
ამასთან, რესპოდენტთა 72% ამბობს, რომ ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლიდან ცხრა თვის თავზე მათი მდგომარეობა უცვლელი დარჩა, 12% ამბობს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 16% გაუარესებაზე მიუთითებს.
ამასთან, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, ხოლო 27% საპირისპიროს ფიქრობს. მარტში ამ საკითხზე დადებითად უფრო მეტი რესპოდენტი – 71% პასუხობდა, ხოლო უარყოფითად უფრო ნაკლები – 18%. თუმცა მარტის მონაცემებთან შედარებით, სტატისტიკურად არ გაზრდილა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლის აზრითაც, მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს გაატარებდა ნაციონალური მოძრაობა, ის რომ ისევ ხელისუფლებაში იყოს.
სტატისტიკურად უცვლელი დარჩა იმ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სამეულიც, რომლებიც რესპოდენტებს ყველაზე მეტად აწუხებთ შემდეგი თანმიმდევრობით: სამუშაო ადგილები – 61%; ტერიტორიული მთლიანობა – 34%; და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – 30%.
მიმდინარე საკითხები
ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შესახებ რესპოდენტთა 51% ფიქრობს, რომ მისი დაკავება მიუკერძოებელი გამოძიების შედეგია; 18%-ის აზრით, ეს ძირითადად პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული; 4% არცერთ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება; 3% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 24%-მა არ იცის.
კვლევა აჩვენებს საზოგადოების ინფორმირებულობას 17 მაისს თბილისის ცენტრში მომხდარი ძალადობის მიმართ, როცა ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს და ლგბტ პირების მხარდამჭერებს მართლმადიდებლური ჯგუფების მიერ ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა აქცია ჩაუშალეს.
17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ორგანიზებას რესპოდენტთა 79% არ ამართლებს, ხოლო 10% საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს. ამასთან, კონტრაქციის ორგანიზების სასარგებლოდ თავის მოსაზრებას რესპოდენტთა 52%, ხოლო საწინააღმდეგოდ 33% გამოთქვამს; თუმცა 46% აცხადებს, რომ ისინი არ ამართლებენ კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიერ მოწყობილი ბარიერების გარღვევას მოწინააღმდეგე აქციის მიმართულებით, 30% კი ამ ქმედებას გამართლებულად მიიჩნევს; ამასთან, 49% გაუმართლებლად მიიჩნევს სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერთა წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, ხოლო 25% ამართლებს ამ ქმედებას. რესპოდენტთა 51%-ის აზრით, ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი პირები, მათ შორის მღვდლები, უნდა დაისაჯონ, 24% არ ეთანხმება ამ აზრს, ხოლო 20% პასუხობს, რომ არ იცის.
საგარეო ურთიერთობები
კვლევის თანახმად, საქართველოს პროდასავლურ კურსს კვლავაც მაღალი მხარდაჭერა აქვს. ივნისში გამოკითხულთა 73% მხარს უჭერს მთავრობის გაცხადებულ მიზანს საქართველო გახდეს ნატოს წევრი, ხოლო ევროკავშირში წევრობას კიდევ უფრო მეტი – 79% ემხრობა.
ამასთან, მარტთან შედარებით, ივნისში მნიშვნელოვნად დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვისაც მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან. თუ მარტში 38% იწონებდა ამ ურთიერთობებს, ივნისში ამ პოზიციაზე მხოლოდ 25% რჩება. ნოემბერში ამ ურთიერთობებს მხოლოდ 12% იწონებდა; ივნისში 63% აცხადებს, რომ ეს ურთიერთობები არ მოსწონს – მარტში ამგვარად 49% ფიქრობდა, ხოლო ნოემბერში – 79%.
მარტში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, 26%-დან 37%-მდე არის გაზრდილი ივნისში იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს; ხოლო 42%-დან 34%-მდეა შემცირებული მათი რაოდენობა, ვისი აზრითაც, ეს საფრთხე გაზვიადებულია; რუსეთს საფრთხედ რესპოდენტთა 20% არ აღიქვამს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)