Site icon Civil.ge

სამეგრელოს გუბერნატორს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორს თენგიზ გუნავას თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რის შედეგადაც ის სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. 

თენგიზ გუნავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბრალდების ორ ეპიზოდში, რომელიც შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი 3000 ლიტრი ბენზინის და 49 500 ლარის მითვისებას უკავშირდება.

გუნავა თავს არ ცნობს დამნაშავედ. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ თენგიზ გუნავა გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო მესამე ეპიზოდში, რომელშიც მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში ედებოდა ბრალი. ეს საქმე ეხებოდა 2012 წლის მარტში ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, პროკურატურის განცხადებით, გუნავამ, რომელიც მაშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო, ორი პირი დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. 

თენგიზ გუნავა ბრალდებული იყო, როცა ის პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორად 2013 წლის იანვარში დანიშნა.

მანამდე გუნავა ორჯერ იყო დაკავებული. პირველად ის ნოემბრის შუა რიცხვებში იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს; 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლების შემდეგ, მან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილი იყო, რადგან მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს.

მეორედ იგი სამართალდამცავებმა ნოემბრის ბოლოს დააკავეს, თუმცა ისევ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რის გამოც ის დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)