პარლამენტმა 30 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აჩერებს სასოფლო–სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლას არასასოფლო–სამეურნეო მიწის სტატუსით.
ამ ქმედებას დაახლოებით ერთი თვით ადრე წინ უსწრებდა სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის დროებით აკრძალვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე.
კანონპროექტის თანახმად, რომლის ინიციატორებიც ქართული ოცნების დეპუტატები გიგლა აგულაშვილი და ზურაბ ტყემალაძე არიან, 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო ანდა საზოგადოებრივი საჭიროებით, რასაც აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
ეს ორი დეპუტატი იყო იმ კანონპროექტის ინიციატორიც, რომლითაც სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხოელი მოქალაქეების და კომპანიებისთვის მიყიდვა იკრძალება.
ინიციატორების თქმით, კანონპროექტის ერთ–ერთი მთავარი მიზანია იმ სამართლებრივი ხვრელის დახურვა, რომელიც სასოფლო–სამეურნეო მიწის შესყიდვაზე უცხოელებისათვის დაწესებული მორატორიუმის გვერდის ავლის შესაძლებლობას ქმნის.
აგულაშვილმა, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ იმ მოქალაქეთა განაცხადების რაოდენობა, რომლებიც სასოფლო–სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლას ითხოვენ მას შემდეგ გაიზარდა, რაც 17 ივლისს ძალაში შევიდა უცხოელებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწების მიყიდვაზე მორატორიუმი.
მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ 65 ჰექტარი მიწის სტატუსის შეცვლაზე გაკეთდა განაცხადი.
სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმის დაწესების მსგავსად, ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ბოლო კანონპროექტიც გააკრიტიკა, როგორც პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას და საინვესტიციო გარემოს დააზიანებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)