პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 1 აგვისტოს, რომ მან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა თენგიზ გუნავა, რომელიც 30 ივლისს გათავისუფლდა პატიმრობიდან მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტმა შეიწყალა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ გუნავამ, რომელიც 12 ივლისს მითვისების ბრალდებით გაასამართლეს და ოთხწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, „უნდა გააგრძელოს თავისი ფუნქციების შესრულება, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერმატორმა“. შეხვედრას გუნავაც ესწრებოდა.
გუნავას შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 31 ივლისს: „ამ გადაწყვეტილებით ერთი რამ დადასტურდა მხოლოდ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროა, რომელსაც კონსტიტუცია, კანონები რაღაც უფლებებს აძლევს, ის ვერასდროს ვერ ეტეოდა ამ თავის უფლებებში… სამი თვე კიდევ უნდა ავიტანოთ, მერე დალაგდება ყველაფერი“. უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების კანონიერება გუნავას შეწყალების თაობაზე საეჭვოა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 1 აგვისტოს, რომ მისი გადაწყვეტილება გუნავას შეწყალების თაობაზე არა მხოლოდ „სამართლებრივი, არამედ სამართლიანი იყო და მისი დაჭერა დიდი უსამართლობა იყო“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)