Site icon Civil.ge

აგვისტოს ომის ხუთი წლის თავზე მედვედევი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს

რუსეთის პრემიერ–მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიესალმა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების „პრაგმატულ პოზიციას“, ასევე პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის „ვაჟკაცურ სიტყვებს“ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ. 

მედვედევმა ეს განცხადება სახელმწიფო ინგლისურენოვან ტელეკომპანია Russia Today–ისთან ინტერვიუში გააკეთა, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა, რომლის ხუთი წლისთავიც მიმდინარე კვირას აღინიშნება. მედვედევმა, რომელიც ხუთი წლის წინ პრეზიდენტი იყო, იმავე საკითხზე ცალკე ინტერვიუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–საც მისცა, რომელიც ეთერში 6 აგვისტოს გავა.

აგვისტოს ომზე თავის წინა განცხადებების მსგავსად, მედვედევმა გაიმეორა Russia Today–ისთან ინტერვიუში, რომ მას მოუწია „ყველა რთული გადაწყვეტილების“ მიღება და შეიარაღებული ძალების გაგზავნა სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეების და სამშვიდობოების დასაცავად. მან ასევე განაცხადა, რომ ეს „არ იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის“; ეს იყო „ქართულ–ოსური კონფლიქტი“, რომელშიც რუსეთს ჩარევა მოუხდა, რათა „აეძულებინა საქართველო შეეწყვიტა ხალხის განადგურება“. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პრეზიდენტი სააკაშვილი ომის დაწყებაში და კიდევ ერთხელ უწოდა მას „სამხედრო დამნაშავე“. მისი თქმით, სააკაშვილმა შესაძლოა იმიტომ გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა და მისი ხელში ჩაგდება, რომ რუსეთსი ჩაურევლობის იმედი ჰქონდა.

„საბოლოო განაჩენს ისტორია გამოიტანს, პოლიტიკური განაჩენი კი, როგორც მე მიმაჩნია, იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც სააკაშვილი იღებდა, ქართველმა ხალხმა უკვე გამოიტანა იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა რაც მოხდა, მისმა პოლიტიკურმა ძალამ კრახი განიცადა“, – განაცხადა მედვედევმა მისი ინტერვიუს ჩანაწერის თანახმად, რომელიც რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვებგვერდზე 4 აგვისტოს გამოქვეყნდა.

როდესაც მას რუსეთ–საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე ჰკითხეს, მედვედევმა უპასუხა, რომ იგი „ოპტიმისტურადაა“ განწყობილი, რადგანაც აგვისტოს ომი ქართველ და რუს ხალხებს შორის კონფლიქტის შედეგი არ ყოფილა, არამედ ქართველი ლიდერების „დანაშაულებრივი“ ქმედებების გამო მოხდა.

 „რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტი [2008 წლის აგვისტოს ომი] არ უწყობს ხელს ურთიერთგაგებას, მაგრამ ეს არის ღრმა კონფლიქტი ხალხებს შორის, და სამწუხაროდ, ეს არის შეცდომა, ვიმეორებ, რომელიც ქვეყნის ცალკეული ხელმძღვანელების მხრიდან დანაშაულში გადაიზარდა“, – განაცხადა მან.

მედვედევმა განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა, ახლა სიტუცია გარკვეულწილად განსხვავებულია“.

მისი თქმით, საქართველოს ახალ მთავრობას „ბევრად უფრო პგარმატული პოზიცია უკავია“.

„ჩვენ მივესალმებით ამას“, – განაგრძო მედვედევმა. „შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან; ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ისინი გარვეული პირობებით, და ეს პირობები მარტივია – უნდა აღიარებულ იქნას ის ფაქტი, რაც მოხდა… მე დარწმუნებული ვარ, რომ წინანდელზე დაბრუნება არ მოხდება. და ეს ყველაზე სამწუხარო გვერდი ჩვენი ბოლო წლების ურთიერთობებში გადაიფურცლება და  პოლიტიკური არენიდან სააკაშვილის და ზოგიერთი სხვა ადამიანის გაუჩინარებასთან ერთად წავა“.

ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 2008 აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა. საქართველო აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში აღადგენს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, თუ ეს უკანასკნელი უკან წაიღებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.

მედვედევმა ასევე განაცახდა, რომ მართალია „უცხოური მედიის ანტი–რუსული პროპაგანდის“ შედეგად, თავდაპირველად რუსეთი აგრესორად იყო წარმოჩენილი, მოგვიანებით აღიარეს, რომ რუსეთის პასუხი საქართველოს თავდასხმაზე „გამართლებული“ იყო.

„და ახლა, სხვადასხვა კომისიების, მათ შორის ტალიავინის კომისიის მუშაობის შემდეგ, იმ ანალიზის შემდეგ, რომელიც ჩვენმა საგამოძიებო სტრუქტურებმა და  ჩვენმა სამხედრო პროკურატურამ ჩაატარეს, ასევე სხვადასხვა ანალიტოკოსებმა, ყველა აღიარებს, თუ რა მოხდა რეალურად. საკმარისია გავიხსენოთ, თუ რა თქვა პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა. მან ხომ ყველაფერი სწორედ თქვა: თქვენ მოახდინეთ ყველაფრის პროვოცირება და კონფქლიტის დაწყება. მისთვის ალბათ რთული იყო ამის თქმა, მაგრამ ეს ვაჟკაცური სიტყვებია“, – განაცხადა მედვედევმა.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა ადრე განაცხადა რამდენჯერმე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის „უგუნურმა“ პოლიტიკამ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაცია“ გამოიწვია. აპრილში მან განაცხადა, რომ  „გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვრები“. თუმცა, ორი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში მან აღნიშნა, რომ მას არასოდეს უთქვამს, რომ „საქართველო იყო აგრესორი და ომი დაიწყო“.

მედვედევის განცხადებაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა 4 აგვისტოს: „ჩვენი ხედვა და რუსეთის ხედვა ამ ომთან დაკავშირებით და შეფასებები, რა თქმა უნდა, განსხვავდება“. მისი თქმით, საქართველო „რუსეთის აგრესიის მსხვერპლი“ გახდა, მაგრამ საქართველომ „უხეში შეცდომები“ დაუშვა. 

კითხვაზე აღიარებს თუ არა რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოში დაბრუნებაზე დათანხმდებიან, მედვედევმა უპასუხა: „ყველაფერი ამ სამყაროში დამოკიდებულებულია ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და პოლიტიკურ ნებაზე“.

ამავე კითხვასთან დაკავშირებით მან განაგრძო: „ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ შევძლებდით საბაჟო კავშირის შექმნას და ევრაზიული ეკონომიკური კავშირისკენ სვლას. ეს სერიოზული ინტეგრაციული კავშირებია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური შედეგებით“.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ხალხის ნებაზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ქართველი ხალხის ნებაზე და იმაზე, თუ ვის აირჩევენ თავისი ქვეყნის ხელმძღვანელად, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ხალხების ნებაზე – მათ შეუძლიათ ნებისმიერი მანდატი მისცენ [ლიდერებს]…  . ჩვენ გვინდა, რომ ისინი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. თუ რა ფორმით განხორციელდება მათი ურთიერთობები – ეს მათი საქმეა, ჩვენ არ მოვახდენთ გავლენას ამ პროცესებზე. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ, რუსეთის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მედვედევმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)