Site icon Civil.ge

პარტიების სახელმწიფო დაფინანსება იზრდება

პარლამენტმა 7 აგვისტოს ერთხმად მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სახელმწიფო დაფინანსება გაეზრდებათ ნაციონალურ მოძრაობას, კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ ექვს პარტიას და კიდევ სამ სხვა პარტიას, ხოლო ოთხი პარტია ერთჯერადად მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

იმ წესის თანახმად, რომელსაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარის ოდენობით ერთჯერადად დაფინანსდება ის შვიდი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელთა მიერ შარშანელი საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ხმების საერთო რაოდენობა 5%–ზე ნაკლებია.

2013 წელს ბიუჯეტიდან სულ 14 კვალიფიციური პარტია ფინანსდება 6 102 686  ლარით, საიდანაც 2 170 020 ლარი ქართული ოცნების კოალიციაში შემავალ პარტიებზე ნაწილდება, ხოლო ნაციონალური მოძრაობის საბიუჯეტო დაფინანსება 2 030 905 ლარს შეადგენს. ამ დაფინანსების გარდა, ახალი წესის თანახმად, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა დამატებით 150 000 ლარს მიიღებენ 2013 წლის სექტემბერ–დეკემბერში.

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები ანუ ის პარტიები, რომლებიც ცალკე ან ბლოკში შემავალ პარტნიორ პარტიებთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი ან უკანასკნელ ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი შედეგი მაინც მიიღეს.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სულ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.05 მილიონი ლარი გამოიყოფა იმ შვიდი პარტიისთვის (თითოეულისთვის 150 000 ლარის ოდენობით), რომელთაც შარშანდელი არჩევნების დროს პარლამენტში თავისი წევრები ვერ შეიყვანეს, მაგრამ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ შვიდი საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

ამ შვიდი პარტიიდან სამი უკვე იღებს სახელმწიფო დაფინანსება 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების საფუძველზე; ეს პარტიებია: ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა (2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 2.04% მიიღო), რომლის ლიდერიც, გიორგი თარგამაძე 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს; ახალი მემარჯვენეები (რომელმაც 2012 წლის არჩევნებზე 0.43% მიიღო) და ახლა ფაქტიურად არამოქმედი პარტია „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ (რომელმაც შარშანდელ არჩევნებზე ხმების 0.19% მიიღო).

კიდევ სამი პარტია, რომლიდანაც თითოეული ერთჯერადად 150 000 ლარს მიიღებს, ის სუბიექტები არიან, რომლებიც ამჟამად არანაირ სახელმწიფო დაფინანსებას არ იღებენ. ესენია: ლეიბორისტული პარტია (2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1.24% მოიპოვა), რომლის ლიდერიც, შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს; კახა კუკავას თავისუფალი საქართველო (0.27% მიიღო შარშანდელ არჩევნებზე); ეროვნულ–დემოკრატიული პარტია (0.14%) და ყოფილი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას პარტია ქართული დასი (0.11%).

თავდაპირველად, ეს სქემა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, რომელიც 20–ზე მეტ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. მართალია თავდაპირველად ქართული ოცნება თითქოსდა მხარს უჭერდა დაფინანსების ამ წესს, მაგრამ მოგვიანებით მმართველმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ის წინააღმდეგი იყო, რასაც არასაპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოყვა; ამ მცირე პარტიების აქტიურმა კამპანიამ შედეგი გამოიღო და გასული თვის ბოლოს ქართულმა ოცნებამ შეცვალა საკუთარი პოზიცია და ახალი სქემის მიღებას დათანხმდა.

თუმცა, დაფინანსების ამ სქემამ ქართული ოცნების ერთი დეპუტატის, მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის პროტესტი გამოიწვია. მართალია გაჩეჩილაძე შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში ქართული ოცნების პარტიული სიით შევიდა, თუმცა მისი მწვანეთა პარტია კოალიცია ქართული ოცნების წევრი არ არის; ამრიგად, მისი პარტია, ამ სქემით, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს. გაჩეჩილაძემ განაცხადა 6 აგვისტოს პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას, რომ ამგვარი წესი უსამართლოა და რომ იგი პროტესტის ნიშნად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრებს ბოიკოტს გამოუცხადებს. მან ასევე განაცხადა, რომ ის კოალიციას მხოლოდ იმიტომ არ ტოვებს, რომ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს სცემს დიდ პატივს.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული წესი სრულად სამართლიანი არ არის, თუმცა ეს აუცილებელი, დროებითი ღონისძიებაა იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მცირე, არასაპარლამენტო პარტიები მეტი რესურსებით იყვნენ უზრუნველყოფილი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
 
ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და 2014 წლის გაზაფხულის ადგილობრივი არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მთლიანი წესი უნდა გადაიხედოს. მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსება უნდა იყოს იმგვარი, რომ „ბიუჯეტის პარაზიტი პარტიები“ არ წაახალისოს.
 
გასული თვის ბოლოს პარლამენტმა მთელი რიგი ცვლილებები დაამტკიცა კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ და საარჩევნო კოდექსში, რაც მეტ შესაძლებლობებს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაფინანსება მიიღონ. ამ ცვლილებებს შორის იყო პარტიების დაფინანსების წესების გამარტივება იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების დაშვებით; გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებში ხმათა 10%-ს მაინც მიიღებს, მას წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები ბიუჯეტიდან მაქსიმუმ ერთი მილიონი ლარის ფარგლებში ერთჯერადად აუნაზღაურდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)